მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის ფასი გაოთხმაგდა

5875e1a6e6eae
ელენე გოგბერაშვილი
11.01.17 11:40
5251
ბორჯომის ცენტრალურ პარკში მისულ ვიზიტორებს 20 დეკემბრიდან შესვლის საფასური 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაუძვირდათ. როგორც პარკის დირექტორმა "ბიზნესკონტრაქტს" განუმარტა, სხვა პარკებთან შედარებით მათთან მოქმედი ფასი უფრო იაფი იყო, ამიტომ გადაწყდა შესვლის საფასური სხვა პარკებში მოქმედ ფასებთან მიახლოებული გაეხადათ.

"შეღავათები უნდა მოგვეხსნა ან უნდა გაგვეზარდა ფასი. პარკში შესვლა შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის, 8 წლამდე ბავშვებისთვის და ბორჯომელებისთვის უფასოა. გადავწყვიტეთ საფასური გაგვეზარდა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის შეღავათები შეგვენარჩუნებინა", - განაცხადა პარკის დირექტორმა, ლადო გელაშვილმა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი ევროპელი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული სტატია გახდა, სადაც ჟურნალისტი პარკში შესვლის მიზერულ ფასს მისი თქმით, "სასაცილოდ მიიჩნევს".

როგორც ლადო გელაშვილი აცხადებს, გასულ წელს ბორჯომის ცენტრალური პარკის შემოსავალმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. აქტიური ტურისტული სეზონი მათთვის მაისში იწყება და სექტემბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში პარკს ყოველდღიურად 5 ათასიდან 10 ათასამდე ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. გელაშვლის თქმით, შესვლის ღირებულების გაოთხმაგებით პარკის შემოსავლებიც გაიზრდება, თუმცა მენეჯმენტი წელს პარკის ინფრასტრუქტურის განახლებას არ გეგმავს. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები წელს არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას მოხმარდება, თუმცა ასევე დაგეგმილი აქვთ პარკის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადონ, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 ათასი ლარს შეადგენს.

ბორჯომის ცენტრალური პარკი ნაწილობრივ საკუთარი შემოსავლებით, ნაწილობრივ კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. არასეზონზე პარკში 24 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მათი რაოდენობა სეზონზე სამმაგდება.