მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზივი: როგორ დადგინდება ანტიდემპინგური ტარიფი?

566155f33c6fb
BM.GE
04.12.15 12:40
3091
ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელზეც თითქმის 2 წელია მთავრობა და პარლამენტი მუშაობს, ექსკლუზიურად ბიზნესკონტაქტისთვის ხდება ცნობილი. პროექტი პარლამენტში ჯერ არ დარეგისტირებულა.
 
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს. ინიციატივის ავტორები წერენ, რომ რიგ შემთხვევებში დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის დროს ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების ძირითად პირობებსა და წესებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. შესწავლას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი კონკურენციის სააგენტო (შემდგომში - შესწავლის ორგანო).

როგორც კანონპროექტში წერია, წინასწარი ან სპეციალური ანტიდემპინგურიტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

„ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში, შესწავლის ობიექტის მსგავსი საქონლის გაყიდვის მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ექსპორტიორი ქვეყნის ადგილობრივი ბაზრისთვის, ჩაითვლება ნორმალური ღირებულების განსაზღვრისთვის საკმარის მოცულობად, თუ ეს გაყიდვები შეადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შესწავლის ობიექტის გაყიდვების 5 პროცენტს ან მეტს. მიუხედავად ამისა, მსგავსი საქონლის გაყიდვების უფრო დაბალი მოცულობა ჩვეულებრივი ვაჭრობის პირობებში ითვლება საკმარისად, თუ, ასეთი მოცულობა იძლევა შესადარი ფასის განსაზღვრის საშუალებას. წარმოების ხარჯზე დაბალ ფასად გაყიდვის მოცულობა შეადგენს იმ გარიგებებით გათვალისწინებული გაყიდვების არანაკლებ ოც პროცენტს, რომელიც აღებულია საქონლის ნორმალური ღირებულების განსაზღვრისათვის.“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, დემპინგური ზღვარი დგინდება საქონლის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილის შედარებით საქონლის ყველა მოწოდებული საექსპორტო პარტიების ფასების საშუალო შეწონილთან ან ნორმალური ღირებულების შედარებით ცალკეული გარიგების საექსპორტო ფასთან.

საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი წინასწარი დასკვნის საფუძველზე აწესებს წინასწარ ანტიდემპინგურ ტარიფს, რომლის შემოღებაც შესაძლებელია შესწავლის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ.

წინასწარი დემპინგური ტარიფის ადმინისტრირება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - შემოსავლების სამსახური) მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის განაკვეთზე დაბალი სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფისშემოღების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უბრუნდება გადამხდელს, ხოლო დარჩენილი თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შემოიღება არაუმეტეს 5 წლით, რომელიც აითვლება ამგვარი ღონისძიების შემოღების დღიდან.

შესწავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვით.

შესწავლის ორგანო არ დაიწყებს შესწავლას, თუ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ:

ა) რომელიმე ქვეყნიდან შესწავლის ობიექტის იმპორტი საქართველოში შეადგენს მსგავსი საქონლის მთლიანი იმპორტის 3 (სამ) პროცენტზე ნაკლებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ქვეყნების ჯამური წილი მსგავსი საქონლის მთლიან იმპორტში აღემატება შვიდ (7) პროცენტს;
ბ) დემპინგური ზღვარი შეადგენს 2 (ორ) პროცენტზე ნაკლებს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, შესწავლის ობიექტის მიმართ შემოღებული წინასწარი და სპეციალური ტარიფის ადმინისტრირების შედეგად გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.

კანონპროექტით განსაზღვრულია წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების გამოყენების დროს წინასწარი ტარიფის შემოღება, ხოლო სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების გამოყენების დროს სპეციალური ტარიფის შემოღება, რომელთა ოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს საქართველოს მთავრობა.