მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურჯაანში მოყვანილი, ამერიკული ჯიშის მაყვალი "ჩესტერი" ექსპორტზე გადის

5696963ae8b81
BM.GE
13.01.16 22:17
7599
გურჯაანში მოყვანილი, ამერიკული ჯიშის მაყვალი ჩესტერი ექსპორტზე გადის. იზოლდა ქიტესაშვილს მაყვალი უკვე 5 წელია მოჰყავს. მისი თქმით, რადგან ჩესტერი საქართველოში შემოტანილი ჯიშია, ის ქართულისგან განსხვავებით, ის გაცილებით დიდი ზომისაა, - 1 მარცვალი 12 გრამს იწონის. გურჯაანში მოყვანილი "ჩესტერი“ ექსპორტზე რუსეთსა და აზერბაიჯანში გადის.
 
"ჩესტერი ერთ-ერთი ცნობადი ჯიშია, გასულ წელს 8 ტონა მოსავალი მივიღე. ადგილობრივი ბაზრის გარდა, რეალიზაციას აზერბაიჯანსა და რუსეთში ვახდენ. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, სწორედ ამიტომ, მე და ჩემს მეგობრებს სამომავლოდ ბევრი გეგმები გვაქვს, - ამ ეტაპზე საშრობ ქარხანას ვაშენებთ სადაც ჩირის წარმოებას შევძლებთ. გურჯაანში მაყვლის სახლის გაკეთება გვსურს, სადაც ლიქიორებისა და წვენების წარმოებას შევძლებთ", - აცხადებს იზოლდა ქიტესაშვილი.

მისი თქმით, მაყვალზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, თუმცა მიწოდება ნაკლები. "მყიდველს აზიაში 500 ტონის გატანა სურს, მაგრამ საქართველოში 50 ტონაც კი ვერ მოგროვდება", - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი და აღნიშნავს, რომ ექსპორტის გაფართოვებაში ხელს მას სწორედ წარმოების მცირე რაოდენობა უშლის.

"ექსპორტზე გატანას სტაბილური მიწოდება უნდა. ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორი მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობაა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანაც არ არის დაინტერესება. ფერმერს არ სჭირდება სახელმწიფოსთვის თხოვნა, რომ სუბსიდია მისცეს. როდესაც კილოგრამი 2 ლარი გიჯდება, მას 5 ლარად აბარებ და 3 ლარი გრჩება კილოგრამში, - სახელმწიფოს სუბსიდია რაში უნდა გჭირდებოდეს?..." - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი „ბიზნესკოტაქტთან“ საუბრისას.