მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰერბია: ადგილობრივი ბაზარი დაუცველია

5874faaeddbec
ელენე გოგბერაშვილი
10.01.17 19:13
2192
საქართველოში მწვანილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია ,,ჰერბია’’ მთავრობას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი "ბიზნესკონტრაქტთან’’ აცხადებს, დღეს ადგილობრივ წარმოებას აქვს რესურსი იმპორტირებული პროდუქცია ჩაანაცვლოს, თუმცა ბაზარი დაუცველია და ადგილობრივ მწარმოებლებს ხელშეწყობა არ აქვთ. ზურაბ ჯანელიძის თქმით, გასულ წელს ქვეყანაში დაახლოებით 25-27 ათასი ტონა იმპორტირებული აგრარული პროდუქტი შემოვიდა, როცა ამ დროს საქართველოში ენერგომატარებლების სიძვირის გამო მწარმოებლები იგივე პროდუქტს ვერ აწარმოებენ.

"სახელმწიფო ვერ გვეხმარება. გაზი და ელექტროენერგია გაგვიძვირდა, რაც დაგვაშორებს ჩავანაცვლოთ იმპორტი. უნდა მოხდეს პირველადი წარმოების სუბსიდირება. თუ მოხდება ენერგომატარებლებზე სუბსიდირება, შევძლებთ პროდუქციის უწყვეტ წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას", - განმარტავს ზურაბ ჯანელიძე.

მისი თქმით, საქართველოში თურქეთიდან, სომხეთიდან და ირანიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის თანხები გადის ქვეყნიდან, როცა ადგილობრივ მწარმოებლებს ამდენივე მოცულობების ექსპორტის პოტენციალი აქვს.

"ჰერბია" აცხადებს, რომ ისინი ევროპის ბაზარზე გასვლისთვის მზად არიან, თუმცა პრობლემას ქმნის პროდუქციის მცირე მოცულობები.

"თუ მოხდება ფერმერების გაერთიანება და შეიქმნება კოოპერატივები, შეიქმნება საჭირო მოცულობები და შევძლებთ ერთი მიზნობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას მაინც. ინტერესი ქართული მწვანილის მიმართ არის, მაგრამ ის, რომ მთელი წლის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში ბაზარი მოვამარაგოთ, ეს ვერ შევძელით", - განმარტავს ზურაბ ჯანელიძე.

მისი თქმით, საქართველოს საშუალება აქვს ევროპას პროდუქცია საკმაოდ კონკურენტულ ფასად მიაწოდოს. ,,თუ პოლონეთში 1 კილოგრამი მწვანილის ფასი 25-30 ევროა, იმაზე უკეთესი ხარისხის პროდუქტი საქართველოში 10 ლარი ღირს. 10-ჯერ დიდი მაინც უნდა ვიყოთ, რომ ერთ ბაზარზე მაინც გავიდეთ’’-ამბობს ჯანელიძე.