მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: მთავრობამ ჯანდაცვის ხარჯებს, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით მაღალია, მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს

5667e0dbb8833
BM.GE
09.12.15 11:53
1556
საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ნოემბრის თვის მისიის შეფასებით განცხადებას აქვეყნებს. მისიის წარმომადგენლის მარკ გრიფითსის განცხადებით, არის ნიშნები იმისა, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება. ფონდი საქართველოს მთავრობას ხარჯების დაზოგვას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სავალუტო ფონდის განცხადების მიხედვით, მთავრობას მზად უნდა ჰქონდეს სარეზერვო გეგმა დეფიზიტის მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად.

"ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს მცირედით აღემატება ადრინდელ პროგნოზს და მოსალოდნელია, რომ 2.5 პროცენტი იქნება, ხოლო 2016 წელს 3 პროცენტამდე გაძლიერდება.

ამ პროგნოზს ახლავს გაუარესების რისკები, რაც ძირითადად ქვეყნის სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური მდგომარეობის შესაძლო გაუარესებიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ იმატა, წლის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს მხოლოდ მცირედით გადააჭარბებს. გარე შოკმის გამო, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი მთლიან შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 11 პროცენტამდე გაზარდა. თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება: ექსპორტი და ფულადი გავნილების შემოსვლის მინიმალური ოდენობა უკვე წარსულშია, ხოლო ტურისტების რაოდენობა კვლავ მატულობს. იმპორტის კლებამ მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8 პროცენტი შეადგინა (ან 16 პროცენტი თუ ერთჯერად დიდი იმპორტის შემთხვევას გამოვრიცხავთ). ამდენად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2016 წელს უნდა შემცირდეს მშპ-ს 9 პროცენტამდე. რამდენადაც საგარეო ვალი მშპ-ს 100 პროცენტია, აუცილებელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდეს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, სახელმწიფო შემოსავლები წელს მაღალია როგორც საგადასახადო ასევე არასაგადასახადო შემოსავლების და გრანტებიდან დაგეგმილზე მაღალი შემოსავლების გამო. გაზრდილი შემოსავლები მთავრობას შესაძლებლობას მისცემს ფისკალური დეფიციტი შეინარჩუნოს მშპ-ს 3 პროცენტზე ან ოდნავ მაღალ მაჩვენებელზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სუბსიდიებზე და ივნისის თვეში მოვარდნილი ღვარცოფით გამოწვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გაზრდილი ხარჯების მიუხედავად. 2016 წლის ბიუჯეტი, მშპ-ს 3 პროცენტის ოდენობის დეფიციტით, ხელს უწყობს ინკლუზიურ ზრდას და აუმჯობესებდეს საგარეო სტაბილურობას.

მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად სოციალური დაცვისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების კუთხით ბიუჯეტი გულისხმობს ხარჯების ზრდას საყოველთაო ჯანდაცვისა და პენსიებზე. ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილზე გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს ამ ხარჯებს 2016 წელს და ეფექტიანობის ზრდით უზრუნველყოს ხარჯების დაზოგვა.

ხოლო თუ გადახარჯვა კვლავ გაგრძელდება, მთავრობას მზად უნდა ქონდეს სარეზერვო გეგმა დეფიზიტის მშპ-ს 3 პროცენტის ფარგლებში შესანარჩუნებლად. დიდი ფისკალური რისკები, რომლებიც გამომდინარეობს - მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების წასახალისებლად ელ. ენერგიის შესყიდვის უზრუნველყოფად გაცემული სამთავრობო გარანტიებიდან, გულდასმით უნდა იმართებოდეს, რათა საქართველოს მიერ დიდი რუდუნებით მოპოვებული ფისკალური მდგრადობა იქნეს დაცული. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ისეთი ფორმატის შემოღება, რომლითაც ასეთი გარანტიებიდან მომდინარე ფისკალური რისკის მონიტორინგი, შეფასება, მართვა და სრული განსაჯაროება მოხდება.

მისია ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს - გამოყენებას გულისხმობს. სავარაუდოდ გრძელვადიანი საგარეო შოკებისას ინტერვენციები წარუმატებელი იქნებოდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების განიავებას გამოიწვევდა. გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით. დასასრულს, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, საქართველოს ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს. ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას ელოდება კანონზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას მიჯნავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და განხორციელდეს მაღალი ხარისხით. მისიამ და ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ეკონომისტების დონეზე შეთანხმების მისაღწევად მეორე და მესამე მიმოხილვის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.