მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: საწვავის ფასის კლება მომავალ წელსაც გაგრძელდება

5684cdc68bcd9
BM.GE
31.12.15 10:38
1375
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი 2015 წელს აჯამებს. კავშირის ცნობით, მთლიანობაში 2015 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი.

„აღნიშნული წელი ხასიათდებოდა ბევრი დადებითი და პოზიტიური მოვლენით. კერძოდ, ხორციელდებოდა ინვესტიციები, რის შედეგადაც ხდებოდა ინფრასტრუქტურის განახლება. გრძელდება ახალი თანამედროვე ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.

მიმდინარე წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურეობის სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული, ლოიალური მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები, პროდუქტები. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდურ წილს იკავებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იყო რეკორდულ მაჩვენებელზე სხვა წლებთან შედარებით. შესაბამისად, საბიუჯეტო შენატანები კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იქნება და ამ ნიშნით ნავთობპროდუქტების სექტორი კვლავ ყველაზე მსხვილი გადამხდელია სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამავდროულად, დაიწყო განვითარება არაბრენდირებულმა სექტორმა. კერძოდ, დღეისათვის თუ ბრენდირებული გასამართი სადგურების რაოდენობაა დაახლოებით 530 ერთეული, არაბრენდირებულები შეადგენენ დაახლოებით 460 ერთეულს. სექტორში საქმიანობს 20-ზე მეტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია. გაზრდილია არაბრენდირებული გასამართი სადგურების მიერ საწვავის რეალიზაციები და მათი გეოგრაფიული არეალი.

მნიშვნელოვანია ასევე ნავთობის ფასის ვარდნა მსოფლიოში, რომლის პარალელურადაც შემცირებულია ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt’s-ის მიხედვით, რამაც გამოიწვია ჩვენს ადგილობრივ ქსელშიც საწვავის ფასის შემცირება. აგვისტოს თვიდან მოყოლებული საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 40 თეთრით ლიტრაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდშილარის მკვეთრად გაუფასურების გამო, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასისღირებულებაზე, ვერ მოხდა საწვავის ფასის უფრო მეტად შემცირება. საწვავის ფასის კლება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

2016 წლიდან იგეგმება საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლი. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში ქვეყანა გადადის ევრო 5-ის სტანდარტზე. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის იქნება. ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ბაზარზე კონკურენტული გარემოს დამკვიდრებასა და განვითარებას", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიოთა კავშირის განცხადებაში.