მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებები შესაძლოა არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ...", - Begels-ი ჩანთების ექსპორტზე გატანას გეგმავს

5676eaaeb4577
BM.GE
20.12.15 21:44
4526
„ჩვენი ოცნებები შესაძლოა ცოტა არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ ზუსტად ასეთი "არარეალური“ იყო ჩვენი სტარტი, - ყველაფერი მხოლოდ იდეით დავიწყეთ“, - Begels-ი ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც მეოთხე კურსის ორი სტუდენტი ქმნის. ხისა და ტყავის ჩანთების შექმნის იდეა 21 წლის ქეთი უბილავას და ნათია მგელაძეს ეკუთვნით. ამბობენ, რომ ბიზნესი ნულიდან არ დაუწყიათ, რადგან არსებობდა იდეა, რომელიც ჩანთების შექმნას და რეალიზაციას გულისხმობდა. Begels-ი სამომავლოდ მაღაზიის გახსნას და პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში გატანას გეგმავს. "ბიზნესკონტაქტი" იდეის ერთ-ერთ ავტორს, ქეთი უბილავას ესაუბრა.
 
- საიდან გაჩნდა იდეა და როგორ მოახერხეთ მისი რეალობაში რეალიზება?

- რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ფაბლაბი მას შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, თუ რა პროდუქტი შეიძლებოდა იქ გვეწარმოებინა. რამდენიმე მეგობარი წარმატებით იყენებდა ფაბლაბის შესაძლებლობებს და საინტერესო და კრეატიულ ნივთებს აწარმოებდა. ზაფხულში მოგვივიდა ხის ჩანთების გაკეთების იდეა და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთდ“, პროექტი დაიწყო ნოემბერში და თეორიული მომზადების შემდეგ 30 ნოემბერს უკვე ფაბალაბში დავიწყეთ პროდუქციის შექმნა. გავიტანეთ ხისა და ტყავის კომბინირებული ჩანთების იდეა და მოვხვდით იმ 10 გუნდში, რომლეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც 6 დეკემბერს "თბილისი მოლში" შედგა.

სპონსორის მოძიებაც პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იყო, ამიტომ მივმართეთ რამდენიმე კომპანიას, „თიბისი ბანკს“, „ვიპ კლუბს" და "იულიუს მეინლის“, სამივე კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა ახალგაზრდების ხელშესაწყობად, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობას ვუხდით.

- რით განსხვავდება თქვენი ჩანთები ბაზარზე არსებული სხვა ჩანთებისგან?

- ჩვენი ჩანთები ბაზარზე არსებული სხვა ჩანთებისგან განსხვავდება იმით, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ სასურველი ტექსტის ან გამოსახულების გრავირებას როგორც ტყავზე, ასევე ხეზე, ეს კი ყველა ჩანთას ინდივიდუალურსა და განსხვავებულს ხდის.

- რა მასალას იყენებთ ჩანთების შესაქმნელად?

- ჩანთების დიზაინს თავად ვქმნით, გვაქვს რამდენიმე სტანდარტული მოდელი და ასევე ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილს ჩანთის ზომასა და ფორმასთან დაკავშირებით. ჩანთების აწყობა ხდება ფაბლაბში, მასალად ვიყენებთ ტყავსა და ხეს. ჯერ-ჯერობით ვიყენებთ ტყავის შემცვლელ ქსოვილს, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებთ ნადვილ ტყავსა და ხეზეც ვიმუშაოთ, რადგან უკვე გვაქვს შეკვეთები ნატურალური მასალისგან დამზადებულ ჩანთებზე.

- დაახლოებით რა ჯდება ერთი ჩანთის დამზადება და რა არის მისი საშუალო ფასი?

- ჩანთების დამზადება სხვადასხვა ფასი ჯდება, გააჩნია მის ზომას, ფორმას, გრავირების სირთულეს და სხვა დეტალებს, დაახლოებითი თვითღირებულება მერყეობს 10-25 ლარის ფარგლებში, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ადამიანური შრომა და ენთუზიაზმი, რაც თითოეული ჩანთის აწყობაში იხარჯება. ჩანთების გასაყიდი ფასი 15 ლარიდან იწყება და 40-50 ლარამდე მერყეობს, თუმცა ნატურალური მასალისგან დამზადებული ჩანთების ფასი თვითღირებულებიდან გამომდინარე რა თმა უნდა გაიზრდება.

- სამომავლო გეგმები როგორია? ხომ არ აპირებთ მაღაზიის გახსნას?

- ვაპირებთ საფულეების და ლეპტოპის ჩანთების წარმოებას, რითიც მამაკაცის სეგმენტის ათვისებასაც შევძლებთ. ასევე გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავიტანოთ და ამავდროულად ვგეგმავთ პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში გატანას. რაც შეეხება მაღაზიას - ამაზე რა თქმა უნდა ვფიქრობთ, თუმცა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ჯერ-ჯერობით პოზიციონირებას ონლაინ სივრცეში ვაპირებთ.

პროდუქციის რეალიზება ინტერნეტით და განსაკუთრებით სოციალური ქსელით ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და მარტივი გზაა დღევანდელ დროში, რადგან მომხმარებელთან კომუნიკაცია და სასურველ სეგმენტზე გასვლა ნაკლებ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. თანაც სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, რაც ჩვენს პოტენციურ კლიენტთა რიცხვის ზრდას უწყობს ხელს.

- რამდენად მარტივია დღეს საქართველოში ბიზნესის დაწყება?

- ვერ ვიტყვი რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, მაგრამ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აქვთ პოტენციალი საინტერესო იდეები შემოსავლიან პროდუქტად აქციონ უნდა გამოიყენონ ის ხელშემწობი ფაქტორები, რომელიც საქართველოში არსებობს.

ახალგაზრდებს ვურჩევთ, რომ მუდმივად იფიქრონ მომავალზე, საკუთარი იდეების ხორცშესხმაზე, იყვნენ კრეატიულები, იფიქრონ ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნაზე, რომელიც იქნება განსხვავებული და ინოვაციური. პირველ რიგში თვითონ უნდა სჯეროდეთ საკუთარი იდეის და მთელი გული უნდა ჩადონ მისი რეალიზებისთვის, როგორც ამერიკელი ბიზნესმენი თომას უოტსონი ამბობდა „წარმატების მისაღწევად გული ბიზნესს უნდა ეკუთვნოდეს და ბიზნესი გულს“, ამიტომ როცა საქმეს მთელი გულით აკეთებ და გჯერა საკუთარი თავისა და საკუთარი იდეის, ყველაფერი ბევრად მარტივია.

ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით უამრავი გეგმა და მიზანი გვაქვს, გვინდა გვქონდეს პატარა საწარმო, ვიყოთ ქართლ ბაზარზე არსებული წარმატებული ბრენდი, განვავითაროთ ქართული წარმოების ხაზი - “Made in Georgia”, გვინდა ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან თანამშრომლობა, „ბეგელსის“ ჩანთების სხვადასხვა Fashion Week-ებზე ხილვა. ეს ყველაფერი შეიძლება ცოტა არარეალურად ჟღერდეს, მაგრამ ზუსტად ასეთი „არარეალური“ იყო ჩვენი სტარტი, ყველაფერი 0-დან იწყება, ჩვენ კი 1-დან დავიწყეთ, „Begels“ მხოლოდ იდეა იყო, რომელსაც „Bagels“ ერქვა, მაგრამ ძალიან მოკლე დროში მან შეძლო გამხდარიყო წარმატებული და პერსპექტიული სტარტაპი.