მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამჭვირვალობა: საჯარო სამსახურის რეფორმა მნიშვნელოვნად ფერხდება

584fba22acb14
BM.GE
13.12.16 13:07
1546
2015 წლის 24 ოქტომბერს პარლამენტმა "საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო. კანონის სრულად ამოქმედების ვადად 2017 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, თუმცა ამჟამად არსებული გარემოებებით, მისი ორ კვირაში ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, კანონის ამოქმედების შეფერხება გამოიწვია მისი 126-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევამ, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად მთავრობა ვალდებული იყო 1 სექტემბრამდე პარლამენტში წარედგინა ორი კანონპროექტი და მიეღო სამი დადგენილება, ხოლო 31 დეკემბრამდე დამატებით - ათი დადგენილება. ამ დროისთვის მთავრობას არ აქვს შესრულებული არცერთი ვალდებულება.

"გარდა ამისა, კანონის 125-ე მუხლის მე-3 პუქნტის მიხედვით მის ამოქმედებამდე, ანუ 1 იანვრამდე საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა უზრუნველყოს მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის არანაკლებ 2-ჯერ ჩატარება. ამ მომენტისთვის არცერთი გამოცდა არ არის ჩატარებული და უფრო მეტიც, გამოცდის ჩატარების წესიც არ არსებობს, რომელიც მთავრობას 1 სექტემბრამდე უნდა განესაზღვრა "პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესის, სტანდარტისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ" დადგენილებით.

საყურადღებოა, ასევე, რომ "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი, რომლის ინიცირებაც მთავრობას 1 სექტემბრამდე უნდა მოეხდინა, ცვლის მოქმედ ანაზღაურების სისტემას, რაც ასევე მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს ბიუჯეტის შესახებ კანონში. "საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის არსებულ რედაქციაში შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა გათვალისწინებული არ არის.

გთავაზობთ ყველა ნორმატიული აქტის ჩამონათვალს, რომელთა მიღება ან/და ინიცირება ევალებოდა მთავრობას 1 იანვრამდე:

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობას: საქართველოს პარლამენტისთვის უნდა წარედგინა:

"საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონების პროექტები სპეციალურ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით.

უზრუნველეყო შემდეგი დადგენილებების მიღება:

"პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესის, სტანდარტისა და თემატიკის განსაზღვრის შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება:

"საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ";
"პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ";
"პროფესიული საჯარო მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ";
"პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ";
"საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესის შესახებ";
"ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“;
"პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება პროგრესული კანონების ამოქმედების თარიღის გადავადებას ახდენს. გასულ წლებში რამდენჯერმე გადავადდა ათამდე, ჩვენი აზრით, პროგრესული საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედება.

მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ასამოქმედებლად. ასევე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა დროისთვის იგეგმება ზემოთ ჩამოთვლილი აქტების მიღება;

საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია და მთავრობისგან მოისმინოს ინფორმაცია კანონის ამოქმედების პროცესში არსებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზების შესახებ“, - განმარტავენ არასამთავრობოში.