მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გაიხსნა

56559b1b6694a
BM.GE
25.11.15 15:17
2803
"ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის," -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა.

"Ynnovas არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სეზონზე კი დაასაქმებს 1 000-დან 2 000-მდე ადამიანს. ამ ფარმაცევტულ საწარმოში დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს პროექტი დაიწყო გასულ წელს, ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან წარმატებული თანამედროვე საწარმო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოს მეპატრონეები დაბრუნდნენ საქართველოში და დაიწყეს საქართველოში ბიზნესის კეთება, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას მოგილოცოთ ამ პროექტის ასე წარმატებით დასრულება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საწარმო Ynnovas-ი ხელს შეუწყობს ხალხში გაბნეული საგვარეულო რეცეპტების ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დამკვიდრებასაც, რითიც შესაძლებელი იქნება დაინტერესდეს ფარმაცევტული წარმოება.

საწარმოში წარმოებული პროდუქციის 90% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დღეის მდგომარეობით სულ 123 პროექტია დაფინასებული და დაახლოებით 350 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული ქართული წარმოების განვითარებისთვის.

Ynnovas-ი პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და ფარმაცევტული პროდუქციის მოპოვებას, გადამუშავებას, წარმოებას და ექსპორტს განახორციელებს. კერძოდ, წარმოებაში 40-მდე სახეობის მცენარის გადამუშავებით მოხდება 60-მდე სახის აქტიური სუბსტანციის მიღება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ფარმაციაში, პარფიუმერიაში, ჰიგიენური საშუალებების წარმოებაში.