მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ გვასალია: სესხებზე ხელმისაწვდომობა აუცილებლად გამკაცრდება

5683a14198171
BM.GE
30.12.15 13:16
1410
საქართველოს ბანკების ასოციაცია ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია აღნიშნავს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ადამიანის საკუთრებისა და მისი დაცვის უფლება.
 
"პრეზიდენტს, რომც დაედო ვეტო ეს კანონპროექტი მაინც იქცეოდა კანონად. თუ ეს კანონი დარჩა კანონად, საბანკო სექტორი ძალზედ მალე მოახდენს რეაგირებას და გადაეწყობა ახალ რეალობაზე. მომატებული რისკებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომობა სესხებზე აუცილებლად გამკაცრდება და ეს აისახება საპროცენტო განაკვეთებზე. უძრავი ქონების ბაზარზე თანადაფინანსების ბალანსი აუცილებლად შეიცვლება . ცვლილება მოხდება მსესხებლისთვის უარეობისკენ, თუ არის 30-70-ზე შესაძლოა გახდეს პირიქით. ბუნებრივია, რომ უძრავი ბაზრის მოთამაშეებს ეს პრობლემებს შეუქმნის. 6 თვეც საკმარისი იქნება, რომ პრობლემები გამოჩნდეს.

საკუთრების უფლება და საკუთრების დაცვის უფლება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ყველაზე ნაკლებად რისკის ქვეშ საბანკო სექტორი დადგება, - ის თავის თავს დაიცავს. უძრავი ქონება ეკონომიკურ ურთიერთობებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება სერიოზული პრობლემა მთლიანად ქვეყნისთვის.

ესეთი სურპრიზების შემოთავაზება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ბიზნესგარემოზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს", - განაცხადა გვასალიამ.