ხვალ, 15 ივლისს თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, ავლაბარში, ახალი, ქართული კონცეფციის რესტორანი „განდაგანა“ იხსნება. რესტორნის კონცეფციის შესახებ Bm.ge-ს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანი ნოზაძე ესაუბრა.
"უპირველესი და აღსანიშნავი პირობა არის ის, რომ საკმაოდ მასშტაბურ და მრავალფეროვან მენიუში წარმოდგენილია ძველი რეცეპტებით მომზადებული კერძები, რომლებიც არ სცდება ქართულ-ტრადიციულ თავისებურებებს, ხოლო მომსახურება აბსოლუტურად ორიენტირებულია პრემიუმხარისხსა და სერვისპლიუსზე.
რესტორანი გამოირჩევა განსაკუთრებულად თვალწარმტაცი ექსტერიერით, ხოლო „ლოფტის“ სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი, ქართული ელემენტებითა და თანამედროვე ავეჯის დიზაინით, გაგაოცებთ. სარესტორნე კომპლექსი სტუმრებს საშუალებას აძლევს სურვილისამებრ შეარჩიონ დასაჯდომი სივრცე, როგორც შიდა, ასევე გარე ტერიტორიაზე. შიდა სივრცეში გახლავთ სამი სართული, პირველი სართული აღჭურვილია ბარით და მყუდრო, კომფორტული დასაჯდომი სივრცით, სადაც საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ ევროპული კერძები, ხოლო მეორე და მესამე სართულზე ზემოთაღნიშნული ქართული, ტრადიციული კერძებით გაგიმასპინძლდებიან, რა თქმა უნდა, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. სტუმრებს საშუალება ექნებათ წელიწადის თბილ თვეებში, მწვანე და ყვავილოვანი მცენარეებით გაფორმებულ ეზოში დასხდნენ, სადაც სპეციალური განათება მეტად მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის, განსაკუთრებით საღამოს საათებში“, - აცხადებს ანი ნოზაძე.
როგორც ის გვიყვება, რესტორნის სტუმრებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს რესტორნის ქვედა სართულზე განთავსებული ისტორიული მარანი, სადაც 32 ქვევრია წარმოდგენილი; სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ნატურალური, ქართული სტანდარტებისა და ტრადიციების მიხედვით ადგილზე დამზადებული როგორც ღვინო, ასევე - ჭაჭა. მარანში წარმოდგენილია საწნახელი, რომლის ასაკი საუკუნეს ითვლის და ჩამოტანილია კახეთის რაიონიდან, კერძოდ ახმეტიდან, სპეციალურად რესტორნისთვის.
„ჩვენს რესტორანს აქვს მარანი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ინტერიერის მოწყობისას მხოლოდ მცირე კორექტივები შევიტანეთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კიდევ ერთი დამატებითი სივრცე, სადაც სტუმრებს განტვირთვის საშუალება ექნებათ, გახლავთ საბილიარდო, სადაც სხვადასხვა სახეობის ბილიარდის ინვენტარია წარმოდგენილი“, - ამბობს ანი ნოზაძე.
მისივე ინფორმაციით, კერძების მრავალფეროვნებასა და გემოზე იზრუნებს ბევრისთვის ცნობილი შეფი, იური აგაჯანოვი თავის პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად.
„იური აგაჯანოვის სამუშაო გამოცდილება 24 წელიწადს ითვლის, იგი როგორც სხვა ქვეყნების, ასევე თბილისის არაერთ პრესტიჟულ სასტუმროსა და რესტორანში მასპინძლობდა პრეზიდენტებს, საელჩოს წარმომადგენლებს და ა.შ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე, რესტორნისგან სრულიად დამოუკიდებლად არის სასტუმრო „Ramada By Wyndham”, სადაც 109 ნომერია განთავსებული და მოიცავს კიდევ ბევრ სხვა, დამატებით აუთლეტს. რესტორანიც და სასტუმროც ერთი ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში გახლავთ“, - განმარტავს რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
(R)