Home
Category
TV Live Menu
Loading data...

AG International Consulting-ი: უცხოელი ინვესტორები ქართულ აუდიტორულ კომპანიებს არ ენდობიან

56e92ed6cf184
BM.GE
16.03.16 13:59
1403
"დღეს საქართველოში მრავალი აუდიტორული კომპანიაა, რომელიც აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების გვერდის ავლით ახორციელებს", - ამის შესახებ, AG International Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა, გიგი მიქაბაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ბაზრის გამართული ფუნქციონირების შეფერხებას იწევს. მიქაბაძე ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორების ნდობა ქართული აუდიტორული კომპანიების მიმართ დაბალია.
 
"დღესდღეობით საქართველოში არსებობს მრავალი აუდიტორული კომპანია, რომელთა უმრავლესობა ახორციელებს აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების გვერდის ავლით და შესაბამისად იმ პროცესების იგნორირებით, რომელთა გავლა აუცილებელია კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობის დასადგენად. შესაბამისად მსგავსი კომპანიები იძლევიან ერთ ან ორ გვერდიან, არაპროფესიონალურ დასკვნებს, რაც რეალურად სხვადასხვა შეფერხებებს იწვევს ბაზრის გამართულად ფუნქციონირებისათვის.

მაგალითად, როდესაც უცხოელი ინვესტორი შემოდის ქვეყანაში, რომელსაც სურს არსებული კომპანიის ყიდვა, ბაზრის კვლევა ან სხვა მსგავსი პროდუქტით სარგებლობა, ამ მომსახურების გამწევი კომპანიის არჩევისას ის არ ენდობა ქართულ აუდიტორულ კომპანიებს, რადგან იცის რომ არანაირი რეგულირება არ არსებობს კანონდმებლობის კუთხით, არანაირი ხარისხის მაკონტროლებელი ორგანო არ აკონტროლებს აუდიტორულ ფირმებს და შესაბამისად არ აქვს იმედი, რომ მიიღებს ხარისხიან მომსახურებას. ამ შემთხვევაში ინვესტორს უწევს მომსახურების მიღება იმ რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანიისგან, რომლებიც ხარისხის კონტროლს რეგულარულად გადიან სათაო ოფისებიდან ან ქსელის მმართველი ორგანოდან და შესაბამისად მათი მომსახურებაც ძვირია რაც ზოგ შემთხვევებში აფერხებს ინვესტორს", - ამბობს მიქაბაძე. მისივე თქმით ამ მიზნით, მსგავსი მსხვილი კომპანიების ინტერესში დღეს ბაზრის თვითრეგულირებად დონეზე დარჩენაა.

"მათთვის ხელსაყრელია დაუტოვონ ბაზრის მცირე წილი ადგილობრივ არარეგულრებად კომპანიებს და სამაგიეროდ შეინარჩუნონ ერთადერთი სანდო ინსტიტუტის სტატუსი. თუმცა ეს რეგულაცია არის ევროკავშირის დირექტივა, რათა უცხოელი ინვესტორისთვის, რომელიც ბაზარზე შემოდის ადგილობრივი კომპანია იყოს სანდო და მათგან მიიღოს ხარისხიანი მომსახურება".

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, მიქაბაძე ამბობს, რომ აუდიტორული კომპანიების რეგულატორი დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს. მისივე თქმით, კანონის მიღების შემდგომ კომპანიებს 6 თვიანი ან 1 წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რათა კონტროლისთვის მოემზადონ.

"არსებული კანონპროექტი, საკმაოდ კარგად არის შედგენილი. თუმცა საბჭოს დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია, ეს ორგანო არ გახდეს სხვადასხვა კონკრეტული კომპანიების მიერ თავისი ინტერესების ლობირებადი, რომელიც შეიძლება არასამართლიანად აფასებდეს და შემდგომ უკვე აკონტროლებდეს ხარისხს.

ზოგადად კანონპროექტის პირველად ვერსიას გავეცანი და ამაზე ბევრი ბჭობა და განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უკვე აუცილებელია, მიიღონ ეს კანონი. კომპანიებს შეიძლება მიეცეს, უკვე კანონის მიღების შემდგომ, გარკვეული მოკლე ვადა რათა მოემზადონ ხარისხის კონტროლისათვის, ეს შეიძლება იყოს 6 თვე ან 1 წელი. თუმცა საბოლოოდ მიზანი უნდა იყოს ის, რომ ეს კანონი აუცილებლად იყოს მიღებული, რათა დავუახლოვდეთ ევროკავშირის მოთხოვნებსა და რეალურად ნებისმიერ ბიზნესს ჰქონდეს გარანტი, რომ როდესაც მიმართვას აუდიტორულ კომპანიას ის ერთგვერდიან დასკვნას კი არ მიიღებს, არამედ სამართლიან, ხარისხიან პროდუქტს მიაწოდებს, რომლის უკანაც იდგება პროფესიონალების მიერ რეალურად ჩატარებული კომპლექსური სამუშაო.

მთლიანობაში მე ვფიქრობ რომ იმ 6–7 პროფესიონალის მოძიება, რომლებიც საბჭოს დააკომპლექტებენ, ქართულ ბაზარზეც შეიძლება. უბრალოდ აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ის კადრები, რომლებიც მოქმედ აუდიტორულ კომპანიებში მუშაობენ, ან არიან დამფუძნებლები, რათა გამოირიცხოს საბჭოს მიკერძოებულობა", - აცხადებს გიგი მიქაბაძე.