Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Air Astana მგზავრებს ქართულ ღვინოს შესთავაზებს

56f28b7bb7004
BM.GE
23.03.16 16:25
1414
ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია-კომპანია "Air Astana"-ს მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე შესაძლებლობა ექნებათ ქართული ღვინო დააგემოვნონ. აღნიშნული აქცია "ქართული ღვინის კვირეულის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქ. ასტანას საერთაშორისო აეროპორტის ახლად გახსნილ ვიპ–დარბაზში მიმდინარეობს.

"ქართული ღვინის კვირეული" ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია "Air Astana"-ს მხარდაჭერით 18-იდან 23 მარტის ჩათვლით იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ექსპოზიცია, ქართული ღვინისა და ვაზის კულტურის თაობაზე, ისაუბრეს საქართველოში მეღვინეობის უძველესი კულტურის და ტრადიციის შესახებ, ხაზი გაესვა იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდის მსოფლიო არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარების ფაქტს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო ილუსტრირებული ბროშურები საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ავია–კომპანია „Air Astana“-ს გადაწყვეტილებით 2015 წლის 2 ივნისიდან ამოქმედდა ავიარეისები ასტანა – თბილისი–ასტანას მიმართულებით.