Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

არაბული Green Valley საქართველოში ორ მასშტაბურ პროექტს იწყებს

5718c2a585f80
BM.GE
21.04.16 16:03
1063
არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ტაბახმელაში Green Valley City-ს პროექტის განხორციელებისთვის ნებართვას ელოდება.

როგორც კომპანიიდან „კომერსანტს" განუმარტეს, თბილისის პროექტისთვის, რომელიც "მწვანე ქალაქის" შექმნას გულისხმობს და შედგება ვილებისა და აპარტამენტებისგან, კომპანია ნებართვას ძალიან მალე მიიღებს და მშენებლობას დაიწყებს. კომპანიის მეორე პროექტი კი ორი 21 სართულიანი თაუერის მშენებლობაა ბათუმში, რომელიც აპარტამენტებს, ოფისებსა და მაღაზიებს მოიცავს. პროექტებს საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.

Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულზე განთავსდება, ტერიტორიის 35% დაფარული იქნება სიმწვანით. პროექტში მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან. პროექტი 10 შენობას მოიცავს, მთლიანობაში 510 საცხოვრებელ განყოფილებას, სტუდიოს ტიპის, ერთ და ორ ოთახიან აპარტამენტებს. აქ ასევე იქნება კერძო საცხოვრებელი ზონა, სადაც განთავსდება ლაქშერი ვილები. არაბული კომპანიის განმარტებით, Green Valley City -ში დაინერგება მაღალი ხარისხის რეკრეაციული სერვისები, პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.

ბათუმის "ტყუპი თაუერების" პროექტი კი კომპანიის განმარტებით ბათუმში ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტი იქნება. პროექტი შედგება ორი თანამედროვე დიზაინის თაუერისგან, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც სიდიდით მეორე იქნება ბათუმში. თაუერებს საკუთარი სანაპირო ექნება ზღვაზე და ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დამოუკიდებელი სანაპირო ექნება საქართველოში. პროექტის განმარტებაში კომპანია წერს, რომ ის მდებარეობს ბათუმის ცენტრში ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან ახლოს. თაუერებში იქნება დასავლური და აღმოსავლური რესტორნები, შენობებს ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბი დააკავშირებს. მათ შორის დიდი საცურაო აუზი განთავსდება, ამას გარდა იქნება დახურული აუზი, სპორტული დარბაზი, საუნა-ჯაკუზი. კვადრატული მეტრის ფასი კი 1300-1500 დოლარითაა განსაზღვრული.

გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ალი საედ ალ სალამმა განმარტა, რომ საქართველო ერთერთი მიმზიდველი მიმართულებაა უძრავი ქონების განვითარებისთვის ევროპაში, ბუნებრივი გარემოთი, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და მიმზიდველი ინიციატივებით, როგორიცაა საგადასახადო სისტემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სტრატეგიული მდებარეობაა, ქვეყანა ახლოსაა არაბულ სამყაროსთან.

"კომერსანტი"