Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

566ff8c4a33bd
BM.GE
15.12.15 15:23
1262
საქართველოს ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უახლოეს პერიოდში შევა. გვასალია განმარტავს, რომ ახალი კანონმდებლობა არღვევს მესაკუთრის უფლებებს, უძრავი ქონების როლი კი ეკონომიკურ საქმიანობაში შემცირდება.
 
"ცვლილება საინვესტიციო გარემოზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ასევე ის გავლენას მოახდენს საბანკო სესხებზე. რისკის გათვლაში უკვე მონაწილეობას მიიღებს ეს საკანონმდებლო ცვლილებაც. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ირღვევა მესაკუთრის უფლებები. პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელი ხდება, თუ რამდენ ხანში შეძლებს საკუთრების მფლობელი მის დაბრუნებას.

საკითხი აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. მესაკუთრის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უზენაესი პრინციპია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. კანონით მესაკუთრეზე გადადის მტკიცებულების ტვირთი. საბანკო სექტორი ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად ზარალდება. უძრავი ქონება ეკონომიკურ ურთიერთობებში ვეღარ მიიღებს იმ ხარისხით მონაწილეობას, როგორი ხარისხითაც აქამდე მონაწილეობდა", - განუცხადა გვასალიამ "ბიზნესკონტაქტს".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით პარასკევს მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.