Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინური ჯგუფი საქართველოში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს

57024f21018ec
BM.GE
04.04.16 15:23
1130
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს, ვან ტიანჩიუან შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.
 
"ჩაის პლანტაციების აღდგენა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ჩაის კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

"ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. აღნიშნულ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი წინადადებები და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისთვის", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.

"ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია", - აღნიშნა "იუნანის დანხუნ ჯგუფის" პრეზიდენტმა.