Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში და არასამთავრობოების შენიშვნები

5a37b7b0e4271
სალომე მეცხვარიშვილი
18.12.17 16:47
1056
არასამთავრობო ორგანიზაციებს "მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან" დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო, ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.
კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ექნება დააფინანსოს სტარტაპები, გაზარდოს კომერციული რეკლამის დრო და გარკვეული მომსახურებები ტენდერის გარეშე შეიძინოს.

მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25 პროცენტისა დაეთმობა კერძო სამართლის იურიდიული პირების პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ გავრცელდება "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი.

ამავე კანონპროექტით, იზრდება კომერციული რეკლამის მოცულობა და ის დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ნაცვლად დღეს არსებული 30 წუთისა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო" მიიჩნევს, რომ კანონპროექტში გაწერილი ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება.

"ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე "შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს. ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს",- ნათქვამია განცხადებაში.

IDFI-ში კი ამბობენ, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულად მომგებიან ტელევიზიად ყალიბდება, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 45 მილიონით არ უნდა ფინანსდებოდეს.

„მაშინ ნუ მიიღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, შევიდნენ პირდაპირ კონკურენციაში მედიაბაზარზე და იბრძოლონ იმისთვის, რომ მოიპოვონ ნდობაც, დაფინანსებაც და იყვნენ ისეთვე პირობებში, როგორშიც არიან სხვა მაუწყებლები. მაშინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ თან გარანტირებული დაფინანსება, თან კომერციული ბაზრის ნაწილის წაღება და თან სასათბურე პირობები, ეს არ არის ეს გზა, რომელიც ჩვენს მედიაგარემოს უკეთესობისკენ წაიყვანს“,- აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი.

კანონპროექტზე შენიშვნები აქვთ ეკონომისტებსაც. საქმის კურსთან ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ უნდა დააფინანსოს სტარტაპები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც მსავსი ტიპის გამოცდილება და ფუნქცია არ გააჩნია. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს ინსტუტურები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული, შესაბამისად, ფუნქციების დუბლირება ხდება. სხვათა შორის, სწორედ სტარტაპების დაფინანსებისთვის შეიქმნა თავის დროზე თბილისის მერიაში მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომელიც რამდენიმე თვეში სწორედ ამ მიზეზით, ფუნქციების დუბლირების გამო დაიხურა.

"ტრაგიკულია, რომ ზოგადად ამ თემაზე დისკუსია გვაქვს. ვსაუბრობთ უწყებაზე, რომლემაც ერთი წლის წინ ვერ გაარკვია თავისი დაფინანსების რა ნაწილს იხდიდა ხელფასებში და ამაზე ჰქინდატ დიდი დისკუსია. მსგავსი ფინნსური კომპეტენციის მქონე უწყება რაიმე ფორმით ჩართული იყოს სტარტაპების დაფინანსებაში, არის სრული აბსურდი",- აცხადებს გიორგი პაპავა.

საქმის კურსი ესაუბრა კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიასაც. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კანონპროექტი ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და მასში ჩართვა ნებისმიერ პირს შეეძლო, შესაბამისად, დღეს შენიშვნებზე საუბარი მისთვის გაუგებარია. ამასთან. ბესელია არ იზიარებს პრეტენზიებს კანონპროექტან დაკავშირებით და ამბობს, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშრისო სტანდარტებთან.

მისივე თქმით, კომერციული რეკლამების განთავსება ისეთ პერიოდში, როდესაც არ არის პრაიმტაიმი, სარეკლამო ბაზარს ხელს არ შეუშლის.

კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან კომერციული მაუწყებლებიც. მათ მიმართეს პარლამენტს, უარი თქვან "მაუწყებლობის შესახებ კანონში" იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე. საქმის კურსი შეეცადა მოეპოვებინა თავად მაუწყებლის კომენტარიც. თუმცა, მათ ამაზე უარი განაცხადეს. დღეს გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღაფერიძის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, სადაც ის აცხადებს, რომ დამატებითი რეკლამიდან თანხები საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება, რადგან მომავალ წლებში ტელევიზიას რთული ფინანსური მდგომარეობა ექნება.

მისი თქმით, უნდა აშენდეს ტელევიზიის ახალი შენობა და ტელევიზიას "ეკონომიურად ცხოვრება" მოუწევს.

"სწორედ რეკლამიდან მიღებული ეს მცირე შემოსავალი გვინდა, მივმართოთ თანამშრომლების ანაზღაურების მატებისკენ.

ის, რომ ჩვენ, თითქოს, სარეკლამო ბაზარს ვანგრევთ, არის სრული აბსურდი. გასაკვირი და არაბუნებრივი ის იქნებოდა, კერძო არხების მფლობელები და მათ მხარდამჭერები პირველი არხის გაძლიერებისა და განვითარებისთვის რომ იღვწოდნენ. მათ, ცხადია, არ აწყობთ მედიაბაზარზე კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მაყურებელს წაართმევთ და ურჩევნიათ, პირველი არხი იყოს სუსტი. რა ბაზრის ნგრევაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ჩვენ ვითხოვთ რეკლამის განთავსების უფლებას მხოლოდ დილით და შუადღით და ისიც შეზღუდული დროით. პირველ არხს რეკლამის განთავსების უფლება არ ექნება საღამოს ექვსიდან თორმეტ საათამდე, პრაიმტაიმში, როდესაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ტელევიზიებს, სადაც მოდის რეკლამის ლომის წილი და როდესაც რეკლამა ყველაზე ძვირი ღირს", - ამობს ვასილ მაღლაფერიძე.

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები არიან. საინტერესოა, რომ მასთან დაკავშირებით შენიშვნები თავად ავტორებასც აქვთ, მაგალითად, ნინო გოგუაძეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. მათ კონკრეტული შენიშვნები აქვთ, რომლის გამოსწორებასაც ითხოვენ. ამასთან, ოპოზიციიის წრამომადგენლები პრეზიდენტს კანონის მიღების შემთხვევაში მისთვის ვეტოს დადებას სთხოვენ.