Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკაში ტურიზმის წილის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 17-ე ადგილზეა

5729ef4eac237
BM.GE
03.05.16 17:15
1565
მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭო (WTTC) 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაცია უკვე 25 წელია მსოფლიოს 184 ქვეყნის ეკონომიკაზე ტურიზმის გავლენას სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით აფასებს.
 
საქართველოზე გამოქვეყნებული 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 2009 წლის შემდეგ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

ასევე, ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში დასაქმებულების 20 პროცენტი ტურიზმზე მოდიოდა. WTTC მიმდინარე წელს აღნიშნული ციფრის 3,5%-ით გაზრდას ვარაუდობს.

ორგანიზაცია საქართველოში მოგზაურობისა და ტურიზმის წილის 3,5%-დან 3,9%-მდე გაზრდას ვარაუდობს ეროვნული ინვესტიციების მოცულობაში.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მოგზაურობისა და ტურიზმის მშპ-ში პირდაპირი წილის ზრდა 5,9% იქნება. შედარებისთვის აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის აღნიშნული ციფრი 4%-ია.

საქართველო მშპ-ში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუციის მიხედვით 17-ე ადგილზეა, ხოლო მთლიანი წილის მიხედვით 25-ე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მონაცემებით საქართველო 37-ე ადგილზე იყო, მთლიანი კონტრიბუციის მიხედვით კი 27-ე ადგილზე.

რაც შეეხებათ რეგიონის სხვა ქვეყნებს: ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის პირდაპირი კონტრიბუციის მიხედვით, აზერბაიჯანი 59-ე ადგილზეა, სომხეთი 60-ე, ბულგარეთი 65-ე, უკრაინა 111, რუსეთი 144-ე, ხოლო თურქეთი კი 161-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ტურიზმის წილს დასაქმებაში, 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა და მიმდინარე წლის ზრდა 4,2 პროცენტით არის განსაზღვრული. თურქეთი რეიტინგში 136-ე ადგილზეა და მიმდინარე წელს კონტრიბუციის 0,3 პროცენტით შემცირებაა ნავარაუდევი. უკრაინა სიაში 36-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი 92-ე ადგილზე.

კვლევიდან ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 10 წლიან პერიოდში, WTTC ტურიზმის მოცულობას საქართველოს ეკონომიკაში 6,1 პროცენტად აფასებს და ამ ციფრით საქართველო 19-ე ადგილზე იქნება.

ტურიზმის შემოსავლებიდან, უცხოელი ვიზიტორების ხარჯი 79,5%-ია, ხოლო შიდა ტურისტების 20,5%.