Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლაშა ხუციშვილი: თამბაქოზე ადვალური გადასახადის გადახედვა არ მოხდება

56d93b4637bb9
ელენე გოგბერაშვილი
04.03.16 11:35
1210
თამბაქოს ინდუსტრია მთავრობას აქციზის ე.წ ადვალური გადასახადის ადმინისტრირების მექანიზმის შეცვლას სთხოვს.
 
თამბაქოს ნაწარმზე ახალი სახეობის აქციზის გადასახადი ძალაში გასული წლის 1-ლი ივლისიდან შევიდა და ის წინა წლის თამბაქოს საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ოდენობით განისაზღვრა. მიმდინარე წლის იანვრიდან აქციზის განაკვეთის მორიგი ზრდის შემდეგ, ადვალური გადასახადი თამბაქოს ინდუსტრიისთვის უკვე 10%-ია.

როგორც თამბაქოს ბიზნესი ამბობს, ადვალური გადასახადის ადმინისტრირების გამოცდილება საქართველოს გარდა ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. როგორც "JTI კავკასია"-ს კომუნიკაციების მენეჯერი, ივანე ხასია ამბობს, ითხოვენ საქართველოში დღეს არსებული მოდელის ადაპტირება მოხდეს ევროკავშირში არსებულ მოდელთან. მისი თქმით, მათი რეკომენდაცია შემოსავლების სამსახურისთვის მისაღებია, თუმცა ტექნიკური ნიუანსების გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებენ.

"თამბაქოს ფასის დეკლარირება წელიწადში ერთხელ ხორციელდება და ამ ფასის მიხედვით შემდგომ ხდება აქციზის გადახდა მომდევნო წლის განმავლობაში, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფასის ცვლილებიდან გამომდინარე ხდება ხელახალი წარდგენა ფასების, რამის შემდეგ რეალური ფასით ხდება აქციზის გადახდა. ჩვენს შემთხვევაში წლის განმავლობაში დაფიქსირებული ფასი არის მთელი წლის განმავლობაში აქტუალური", - აცხადებს ივანე ხასია.

ადვალური გადასახადის ადმინისტრირების პრობლემაზე საუბრობს "Imperial Tobacco"-ს რეგიონალური მენეჯერი კავკასიაში, ირაკლი ნადარეიშვილიც. მისი თქმით ადვალური გადასახადის დღევანდელი მოდელი სრულ შეუსაბამობაში მოდის ევროკავშირის 64-ე დირექტივასთან, ქვეყანა კარგავს საბიუჯეტო შემოსავლებს და არსებული მეთოდოლოგია საშუალებას აძლევს არაკეთილსინდისიერ მეწარმეს და იმპორტიორს ბოროტად გამოიყენოს არსებული წესი და თავი აარიდოს ან შეამციროს ხელოვნურად თამბაქოს დასაბეგრი ბაზა.

"დღეს არსებული მოდელი დასაბეგრ ბაზად იღებს წინა წლის თამბაქოს თითოეული ერთეულის საშუალო შეწონილ ფასს, რაც არ არის იმდენი, რამდენადაც თამბაქო იყიდება დღეს ანუ სახელმწიფო კარგავს შემოსავლებს. თამბაქოს ფასი არის მზარდი, შესაბამისად წინა პერიოდის საშუალო შეწონილი ფასის აღება დასაბეგრ ბაზად წარმოადგენს არაადექვატურ გადაწყვეტილებას, რომელიც არ მოდის შესაბამისობაში როგორც ევროდირექტივასთან, ისე სახელმწიფოს და ბიზნეს ინტერესებთან", - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ მას ადვალური გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზების შესახებ არ სმენია.

"ადვალური ნაწილის გადახედვა ბუნებრივია არ მოხდება, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება. ადმინისტრირების ნაწილთან მიმართებაში სერიოზული ხარვეზი ან რაიმე ფაქტორი რომ პრობლემა იყოს, არ მსმენია", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.