მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 1694 სკა გადაეცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამაში რეგისტრაცია კოოპერატივებმა დისტანციურად ვებ-გვერდის საშუალებით გაიარეს. მათ საშუალება ჰქონდათ აიერჩიათ მათთვის სასურველი სახეობის სკა ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის. სკებს ისინი თანადაფინანსებით ღირებულების 30 %-ად იღებენ.
"ხის რუტისა და დადანის სკაში 120 ლარის ნაცვლად იხდიან 36 ლარს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკაში 260 ლარის ნაცვლად 78 ლარს;
პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული თაფლის მიკვლევადობის ამაღლებას,სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას.
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე დისტანციურად შეძლებენ.
იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს ღირებულების 30%-ში გადაეცემათ მათთვის სასურველი ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის სახეობის სკები არაუმეტეს 100 ცალი, კოოპერატივს შეუძლია ასევე მოითხოვოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი)ან/და2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები.
მონაწილე კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები(დევნილები, შშმპირები), ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ინვენტარის ღირებულების 20%-ში.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შესამოწმებლად წარადგინოს მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ", - განმარტავენ სამინისტროში.