Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერია ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

56ab2a80a19e3
BM.GE
29.01.16 13:00
2330
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური იწყებს ახალი ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელებას. სიახლე დღეს ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააცნო. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანია ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა და მკურნალობის კურსის ჩატარება.
 
ქვეპროგრამა ითვალისწინებს (HER2-დადებითი) ძუძუს ადრეული კიბოს (I-III სტადია) მქონე პირებისთვის პრეპარატ ჰერცეპტინის დაფინანსებას.

„პირველი თებერვლიდან თბილისის მერია იწყებს უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელებას, რომელიც ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსებას შეეხება. ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული დაავადების მქონე პირთათვის პრეპარატი ჰერცეპტინის დაფინანსებას. სახელმწიფოს მიერ ამ პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა და თბილისის მერია იქნება პირველი, ვინც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით. შესაბამისად, ამ უპრეცენდენტო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის ხარჯებს, პარალელურად კი, 40-45%-ით შეამცირებს რეციდივის რისკს, გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს. როგორც ხედავთ, ეს გახლავთ საკმაოდ მასშტაბური და საჭირო მომსახურება, აღსანიშნავია, რომ მსგავსი შესაძლებლობა თბილისელებს არასოდეს ჰქონიათ, შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს პირველი თებერვლიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროგრამაში და თბილისის მერიისგან მიიღონ დაფინანსება ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერია, ქვეპროგრამის ფარგლებში, პაციენტებს პრეპარატის მაქსიმუმ 1 წლიანი კურსისთვის საჭირო თანხას აუნაზღაურებს. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს 80%-ით.

ქვეპროგრამაში ჩაერთვებიან, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზი (I-III სტადია) აქვთ და უნდა ჩაუტარდეთ ნეოადიუვანტურ/ადიუვანტური მკურნალობა.

ქვეპროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით დაფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 28 080 ლარით.

2006 წლიდან აშშ-ს და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები HER2-დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში რეკომენდაციას აძლევენ ჰერცეპტინით მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს. პრეპარატი ჰერცეპტინი (საერთაშორისო დასახელება - ტრასტუზუმაბი) 2013 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტების ნუსხაში შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ ჰერცეპტინით დაფინანსების თვალსაზრისით, სახელმწიფოს, კონკრეტულ შემთხვევაში კი, თბილისის მერიის მიერ მიზნობრივი პროგრამის განხორციელება უპრეცედენტო შემთხვევაა.

ქვეპროგრამა თბილისის საკრებულოს მიერ წესის დამტკიცების შემდგომ ამოქმედდება და მოსარგებლეები მერიაში მომართვისა და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ჰერცეპტინის დაფინანსების საგარანტიო წერილს მიიღებენ. ქვეპროგრამაში წარსადგენად მოსარგებლე პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ტარგეტული თერაპიისა და ოპერაციული მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებებიდან გაცემული მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები (ფორმა №IV-100/ა), რომლებიც გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე. ამასთან, ტარგეტული თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №IV-100/ა-ში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მოსარგებლის წონა, ჩასატარებელი ტარგეტული თერაპიის სქემა.
ე) HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკო კვლევების (იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, ხოლო იმუნოჰისტოქიმიით +2 ქულის შემთხვევაში ასევე, in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით კვლევა (ფლუოროსცენტული (FISH) ან ქრომოგენული (CISH)) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ვ) მკურნალი ექიმის მიერ მედიკამენტზე გაცემული რეცეპტის (ფორმა N3) ასლი;
ზ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 კვირით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც მოიცავს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის დასკვნას), პაციენტისთვის ჰერცეპტინით ტარგეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობისა და თერაპიის ჩატარებისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
თ) კალკულაცია, მიმწოდებელი ორგანიზაციიდან.