Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციებს ამ მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ, ვერ მიიღებს

5729bdd51dfaa
დავით ჯალაღონია
04.05.16 13:14
1369
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ახალ რეგულაციებს ამ მოწვევის პარლამენტი სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, ჯერ-ჯერობით პარლამენტს, მიკროსაფინანსოებსა და ეროვნული ბანკს "მიკროსაფონანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე შეჯერებული პოზიცია არ აქვთ.
 
"მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა ეს კანონი მიიღოს, რადგან გარკვეულწილად, ჩვენ ვიცით ეროვნული ბანკის პოზიცია და ასევე ის ინიციატივა, რაც პარლამენტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან არის შემოსული. იქ არის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობები. ასევე მთავრობიდანაც ველოდებით შესაბამის ვადებში მათი პოზიციის ჩამოყალიბებას. ერთია, ამ სისტემის სწორ რეგულაციაში მოქცევა და მეორე თემაა ფარული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ასეთ საქმიანობას ეწევიან და საერთოდ არცერთ რეგულაციაში არ არიან. ამიტომ ამ კანონის მიღება ამ პერიოდში თუ მოხერხდა, ეს საკმაოდ კარგი იქნება. თეორიულად შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ სხვა ბევრი საკითხია დაგროვილი, საარჩევნო წელია და ამიტომ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუმცა თუ მოვინდომებთ, ამის მოსწრება ნამდვილად შეიძლება", - განაცხადა ებანოიძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკისა და მიკროსაფონანსო ორგანიზაციების წინადადებებს, ასევე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოსაზრებებს შორის განსხვავებას, ეს ძირითადად დეპოზიტების მიღების საკითხს ეხება.

"ბუნებრივია, დეპოზიტებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს თავისი პოზიცია ექნება. ის, რაც უფლებებს აფართოებს, რეგულაციების მხრივ გარკვეული ბერკეტების გამოყენებას იწვევს. ამიტომ ეს თემა უნდა შევაჯეროთ. ადამიანებს დანაზოგის განთავსება ბანკებთან ერთად, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებშიც რომ შეეძლოთ, რატომაც არა", - მიიჩნევს ებანოიძე და დასძენს, რომ "ისევე როგორც საბანკო სისტემაშია მომხმარებელი დაცული, ასევე უნდა იყოს - მიკროსაფინანსოში“.

მას შემდეგ, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების საკითხზე მთავრობის პოზიცია ცნობილი გახდება, ნოდარ ებანოიძე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2016 წლის საქმიანობის გეგმის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის საჯარო განხილვა მარტში იგეგმებოდა.