მიმდინარე წელს, მრავალძალის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება სოფელ მრავალძალამდე მისასვლელი გზის საფარის დაგება.
როგორც რაჭის გუბერნატორმა, პარმენ მარგველიძე "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ისტორიულ-კულტურულ ძეგლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, რამდენიმე სოფლის, მათ შორის მუხლის, ქვემო და ზემო ბარების გზის რეაბილიტაციაც მოხდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3,5 მილიონი ლარია, მისი დასრულება კი 2-3 წელიწადში იგეგმება. გუბერნატორის თქმით, პროექტი მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში გავა.
ასევე, როგორც მარგველიძე განმარტავს, მიმდინარე წელს მოხდება უწერა-შოვის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც. რაც შეეხება საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ მონაკვეთს, პარმენ მარგველიძეს განმარტებით, ამ ეტაპზე რამდენიმე ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს, საუკეთესოს შერჩევის შემდეგ კი პროექტის დაფინანსება მოხდება.