Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა ფქვილის იმპორტზე მოსაკრებელს აწესებს - რა იცვლება ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის?

BM.GE
31.05.23 12:30
43
საქართველოს მიერ ქვეყანაში ფქვილის იმპორტზე მოსაკრებლის დაწესების თემას გავშლით გადაცემის ამ ბლოკში. როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, 10 ივნისიდან საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით გადასახადს დააწესებს. მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი გახდა მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობა ბიზნესს ფქვილის იმპორტის შემზღუდავი მექანიზმის შემოღებას დათანხმდა, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრმა თქვა, რომ მანამდე მთავრობამ მსგავსი მექანიზმის შემოღების საჭიროება ვერ დაინახა. არადა დარგი იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას 2021 წლის შემდეგ ითხოვს. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი. 

ბოლო 2 წელია ადგილობრივი წისქვილების 80%-ზე მეტმა საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა, რადგან აზრი დაეკარგა ხორბლის ადგილზე გადამუშავებას და ფქვილის წარმოებას, რადგან ნულოვანი ბაჟის პირობებში იმპორტირებული ფქვილი გაცილებით დაბალ ფასად ხვდებოდა ქართულ ბაზარზე.

იმპორტირებულ ფქვილზე მოსაკრებლის დაწესების გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ამის პარალელურად გარკვეული ვალდებულებები აქვთ ადგილობრივ წისქვილებს. მათ მოუწევთ კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ქართული ხორბალი ადგილობრივი ფერმერებისგან და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს. 


ჯერ შესაბამისი დადგენილება მთავრობას არ მიუღია და ოფიციალური მხარე ჯერ არ ამბობს, რა არის მოსაკრებლის მოცულობა, რომელსაც საქართველო იმპორტირებულ ფქვილს დაუწესებს, თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, ეს იქნება 200 ლარი ტონაზე, რაც მათი შეფასებით, საკმარისია იმისთვის, რომ წისქვილები კონკურენტუნარიანი გახდნენ ფქვილის იმპორტთან მიმართებაში. დროებითი საიმპორტო საფასური 10 ივნისიდან შევა ძალაში და ის მომდევნო 5 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

რას შეცვლის ფქვილის იმპორტზე მოსაკრებლის დაწესება წისქვილებისთვის და მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის?

სტუმრები: ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი;
ნიკოლოზ ბენიაიძე - მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი.