05.May .2016 16:24

ნორვეგია ახალი ჰესის ბათუმის ქვესადგურთან მისაერთებელი გადამცემი ხაზის პროექტით დაინტერესდა

views 785
Back

საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს ეწვია.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, სამუშაო შეხვედრებში სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და USAID-ის პროგრამის G4G მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის საგარეო საქმეთა და ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან, სადაც საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

"სსე-ის რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ მოლაპარაკებები აწარმოა სტატნეტის (ენერგოსისტემის ტექნიკური ოპერატორი) აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ქ-ნ ბენტე ჰაალანდთან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ევროპული ტექნიკური ოპერატორების ორგანიზაცია ENTSO-E-ში გაწევრიანების მხარდაჭერის მხრივ თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია ნორვეგიული მხარის დიდი ინტერესი ახალი ჰესის ბათუმის ქვესადგურთან მისაერთებელი გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ირგვლივ,
რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ნორვეგიის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულა", - განმარტავენ სახელმწიფო ელექტროსისტემაში.