Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ონლაინ გამოწერის ვებ-გვერდები შეკვეთების 15%-იან კლებაზე საუბრობენ

58b43ef4dbbb7
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.17 10:18
3127
ონლაინ გამოწერის ვებ-გვერდები შეკვეთების კლებაზე საუბრობენ. როგორც კომპანიები განმარტავენ, გამოწერების კლება და მატება ლარის კურსის ცვლილების პროპორციულია.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია Amanati.com-ის ხელმძღვანელმა ხათუნა დემაზაშვილმა განუცხადა, შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-15%-ია.

მისი თქმით, ზოგადად "ონლაინ შოპინგის" ტენდენცია მზარდია, რამდენადაც მოსახლეობა კომპიუტერთან უფრო ადაპტირებულია და უფრო მეტი წვდომა აქვს ინტერნეტთან.
„თაობა შეიცვალა, შესაბამისად, გამოწერების ტრენდიც მზარდია. მაგალითად 2011 წელს კომპიუტერთან წვდომა და ურთიერთობა ნაკლებ ადამიანს ჰქონდა, დღეს კი ეს რიცხვი იზრდება“,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არაერთი ცნობილი ბრენდია შემოსული, გამოწერები ამ ბრენდების კოლექციაზეც ხდება.

Amanati.ge-ს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველოში ხშირ შემთხვევაში ცნობილი ბრენდების სრული კოლექცია არ შემოდის და მომხმარებელიც სწორედ ამ განსხვავებულ პროდუქციას იწერს.

გაყიდვების შემცირება "ბიზნესკონტრაქტს" Camex.ge-შიც დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2017 წლიდან გაყიდვები კლებადი ტენდენციით ხასიათდება და შემცირება დაახლოებით 10-20%-ია.

მათი ინფორმაციით, როგორც ყოველთვის შეკვეთები მაღალი იყო წინასაახალწლოდ, შემდგომ პერიოდში კი შემცირდა.

კომპანია, Postalon.ge-ში კი აცხადებენ, რომ შეკვეთების შემცირება მათთან არ ფიქსირდება, თუმცა, გაყიდვებს არც მზარდი ტენდენცია აქვს.

"გაყიდვები შემცირებული არ არის, გვეგონა, რომ ახალი წლის შემდეგ დაეცემოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ლარის გაუფასურების გამო ფასი აქაც გაზრდილია ყველაფერზე.
შესაბამისად, მომხმარებელს თითქმის იგივე უჯდება ყიდვაც და გამოწერაც, ამიტომ ისევ აკეთებენ ონლაინ შეკვეთებს. ამასთან, ვფიქრობთ, რადგანაც რეალური წონით ჩამოგვაქვს ამანათები და მოცულობას არ ვანგარიშობთ, ამიტომ მომხმარებელს საკმაოდ იაფი უჯდება ჩვენთან ჩამოტანა და ალათ სწორედ ამის გამოც არ შემცირებულა გამოწერების ოდენობა",- აცხადებენ კომპანიაში.