Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

566d1722c8665
BM.GE
13.12.15 10:53
2369
პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარასკევს, პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
 
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება მესაკუთრის მოთხოვნით, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

ასევე, კანონის შესაბამისი მუხლებიდან ამოღებული იქნება უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. უქმდება ყველა ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით არის შესაძლებელი.

შესაბამისი ცვლილებები პოლიციისა და სააღმსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში შედის. საკანონმდებლო ცვლილებები ასევე სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებსაც ეხება.

კანონის მიხედვით, მოსარჩელეს ექნება უფლება სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართვისას მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. გარდა ამისა, კანონპროექტით სასამართლოს უფლება ექნება მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტია.