Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქარელში ჩირის დამამზადებელ საწარმოში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა

572c323a90133
ნინო კვინტრაძე
06.05.16 09:50
1275
"ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანიამ” ქარელში ხილის საშრობ ქარხანაში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიამ მუშაობა გასულ წელს დაიწყო, ხოლო პროდუქციის რეალიზება მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 30 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები.

როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ამ დროისთვის პროდუქცია თბილისის თითქმის ყველა სუპერმარკეტში იყიდება. საწარმო სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამებით დაფუძნდა, კერძოდ ინვესტიციის 10% პირადი კაპიტალი იყო, ხოლო 90 პროცენტი კი თანადაფინანსება.

ამ ეტაპზე "ქარელის ხილი" რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, უახლოეს პერიოდში კი სეზონური ხილის ჩირის წარმოებასაც გეგმავს, კერძოდ მოცვის, კენკრისა და ჟოლოსი.

"ქარელის ხილი“ საწარმოო პროცესში HACCP-ის სტანდარტის დანერგვას გეგმავს, რის შემდეგაც კომპანია პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. სტანდარტის დანერგვისთვის კომპანია სახელმწიფო თანადაფინანსების პროექტში გამარჯვებას ელოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ მოლპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ევროპის, ასევე ისრაელისა და რუსეთის სავაჭრო ქსელებთან.

"რა თქმა უნდა ამინდს ვერ შევქმნით საზღვარგარეთ, რადგან მასშტაბი არ გვაქვს. დაგვჭირდება მარკეტინგული საშუალებები, იმისთვის რომ ჩვენი ნიშა დავიკავოთ. ჩვენ პირადად ქლიავის ჩირს შევთავაზებთ ევროპულ ბაზარს.

ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე არის ის რომ გავზარდოთ ქართული პროდუქციის სანდოობა. საქართველოშიც კი მეტ სანდოობას იმპორტული იწვევს. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ექსპორტზე მუშაობას", - განმარტავენ კომპანიაში.

საწარმოში სეზონზე 30, ხოლო მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული.