Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"მიკროსაფინანსოების გამოკითხულ მომხმარებელთა 21%-მა სესხის დასაფარად კვების ხარჯები შეამცირა"

56f9260bd839a
დავით ჯალაღონია
28.03.16 16:36
1740
Smart Campaign-ის და Bankable Frontier Associates (BFA)-ის მიერ ჩატარებული კვლევის („მომხმარებელთა დაცვა და მიკროსაფინანსო სექტორი საქართველოში“) თანახმად, გამოკითხულთა 39% "ძნელად" ან "ძალიან ძნელად" თვლის სესხის დაფარვას. ამასთან, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (49%) მათ შორის, ვისაც სესხი აშშ დოლარში აქვს აღებული.
 
კვლევის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. კვლევა, რომლის ფარგლებში 2015 წლის მარტიდან ივლისამდე 1000 ადამიანი გამოიკითხა, მომხმარებლებსა და მიკროსაფინანსოების ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. პროექტის ავტორების ინტერესის ერთ-ერთი საგანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების გადახდისუნარიანობა იყო.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, რესპონდენტები ხშირად აცხადებდნენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხის დასაფარავად მიმართავდნენ რადიკალურ ზომებს - მათ შორის, დამატებითი სესხის აღებასაც: გამოკითხულთა 37%-მა, სულ მცირე, ერთხელ მაინც აიღო კრედიტი მისო-ს სესხის დასაფარავად.

გარდა ამისა, რესპონდენტების 21%-მა განაცხადა, რომ სესხის დასაფარად საჭირო თანხის დასაზოგად კვების ხარჯები შეამცირეს.

ამ შედეგებიდან გამომდინარე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ფინანსური სერვისების პროვაიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ აგრესიული გაყიდვებისა და მარკეტინგის პრაქტიკის პრობლემას მაშინ, როცა საქართველოში მიკროფინანსები კვლავაც განაგრძობს განვითარებას.

"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ კლიენტთა 37%-ს სხვა სესხის დასაფარავად აქვს ფული ნასესხები. გაყიდვის აგრესიულმა პრაქტიკამ მისო-ს ზოგ კლიენტს შეიძლება დიდი დავალიანების დაგროვებისკენ უბიძგოს. მარეგულირებლებმა თვალყური უნდა ადევნონ, რომ დამატებითი სესხისა და წინასწარდამტკიცებული საკრედიტო ბარათების შეთავაზება, მომხმარებლის კრედიტუნარიანობის გადამოწმების გარეშე არ განხორციელდეს. გარდა ამისა, სატელეფონო ზარები და ვიზიტები, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება აგრესიული გაყიდვების პრაქტიკას შეიცავდეს. მარეგულირებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ზოგ კლიენტს აღიზიანებს კრედიტის ტექსტური შეთავაზებების რაოდენობა და სიხშირე", - ნათქვამია ანგარიშში.