Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ქვეყანაში რამდენიმე საპენსიო ფონდი უნდა არსებობდეს, რაც მოქალაქეებს არჩევანის საშუალებას მისცემს"

5705004d238b2
BM.GE
06.04.16 16:20
1032
საქართველოში საპენსიო რეფორმა 2017 წლიდან განხორციელდება. რეფორმის დეტალებზე "ბიზნესკონტაქტთან" Galt & Tagart -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, სამუშაო რეჟიმში კონცეფციაზე მომუშავე ადამიანების რამდენიმე შეხვედრა ვიხილეთ, რომლებიც კონკრეტულ რეკომენდაციებს აჟღერებენ. რა რისკები და კითხვებია დღეს?

- დღეისთვის კანონის საბოლოო ვარიანტი, თითქოს გარანტიებს ქმნის იმისას, რომ რისკები შეიზღუდოს, თუმცა ამ რისკებს ბოლომდე ვერ დავფარავთ. ეს თეორიული რისკები არ გეგონოთ. ეს არის რისკები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკაშიც მომხდარია. მაგალითად, უნგრეთში მოხდა ზუსტად ასეთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანას ბევრი ვალი დაუგროვდა და სახელმწიფომ ფაქტობრივად პენსიონრებს დანაზოგები წაართვა და უთხრა, რომ არ იდარდოთ მომავალში გაგისტუმრებთო. პოლონეთმაც იგივე გააკეთა, ოღონდ ნახევრად.

ამის ბოლომდე დაცვა ალბათ არ არსებობს, კონსტიტუციაში თუ არ ჩავწერთ. სხვა შემთხვევაში, კანონებში უნდა გაიწეროს ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს თუ გაუჩნდა ასეთი ტიპის მოთხოვნილება, რამ უნდა შეუშალოს ხელი.

თვითონ საპენსიო ფონდები, რომელიც ამ ფონდებს მართავენ აუცილებლად კერძო და რამდენიმე უნდა იყოს. მოქალაქეებს არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

- ასევე მნიშვნელოვანია მენეჯერული რგოლი, რომელიც ფონდში აკუმულირებულ თანხებს განკარგავს. მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაცია, გამოცდილება, თანხების მართვის უნარი, თქვენ ამ ყველაფერს რას დაამატებდით?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. რაც მთავარია, ის კომისია თუ კომიტეტი, რომელიც განსაზღვრავს თანხები სად და რამდენი უნდა წავიდეს, დამოუკიდებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ეროვნული ბანკის კომიტეტია დამოუკიდებელი. ცოდნას და კვალიფიკაციას რაც შეეხება, პატარა ქვეყნებში ერთ-ერთი მაგალითია კოსოვო, როდესაც ასეთი კომისიის შედგენა მოხდა და ის მაშინ მთლიანად უცხოელებით დააკომპლექტეს. ჩვენთან შეიძლება მთლიანად უცხოელებით არ იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ მგონია, რომ უცხოელი და ქართველი ექსპერტების ნაზავი უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ ეს ექსპერტები დამოუკიდებლები იყვნენ.

- ბევრი თვლის, რომ ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ფორმირება კაპიტალის ბაზრის განვითარებას გამოიწვევს, ბევრი კი ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი პირიქით არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ საპენსიო მიმართულების სრულფასოვანი რეფორმა და სტრუქტურა გვქონდეს?

- ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება პარალელურად შეიძლება. ის რომ საპენსიო რეფორმა გაკეთდეს და ჩვენ ამისგან საფოდო ბირჟის თუ საფინანსო სტრუქტურების განვითარებას ველოდოთ, მცდარია. ამის გარდა, აღინიშნა რისკი იმისა, რომ თანხები საზღვარგარეთ გავიდეს, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, - ანუ არჩევანი უნდა იყოს დღეისათვის ეს თანხა შენახული იქნას თუ მოხმარებული. რახან შენახვა მოხდება, ამის ნაწილის საქართველოს ეკონომიკაში დაბანდება რომ მოხდეს და ნაწილის - საზღვარგარეთ, თუნდაც დივერსიფიკაციისთვის და რისკების შემცირებისთვის, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა ვფიქრობ, რომ პირიქით მისასალმებელია.

- ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორი, რომელიც ამ რეფორმას ახლავს,  არის ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურება, რომლისგანაც გადაზღვევა ალბათ ძალიან რთული იქნება. რა სახის წნეხი შეიძლება მოახდინოს ფონდში ჩადებულ თანხებზე ეროვნული ვალუტის შესაძლო გაუფასურებამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იაპონიის სახით, რომელმაც დაახლოებით 65 მილიარდი დოლარი დაიკარგა...

- ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სწორად იქნა მართული, მაშინ მოკლე მომენტებში დევალვაცია ან გამყარება შეიძლება მოხდეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გრძელ ვადაში, თუ ჯამში ქვეყანა სწორად განვითარდა, მაშინ შესაბამისად, ლარში დაგროვილ თანხასაც თავისი წონა ექნება.

მარტივად რომ ვთქვა, 1995 წლის შემდეგ, ლარი საკმაოდ სტაბილურია ფართოდ რომ ვთქვათ 1.4-დან 2.5-მდე მერყეობს, რაც 20 წლის ჭრილში კატასტროფა არ არის. რა თქმა უნდა, შარშანდელი რყევებიც ძალიან კარგად გვახსოვს, არც ამაში არ არის დიდი კატასტროფა.

გრძელ ვადაში რომ შევხედოთ, ის რომ განმეორდეს რაც 90-იან წლებში მოხდა ქვეყანაში, ლარში არსებული დანაზოგები, შესაძლოა არც ისე მიმზიდველი გახდეს.

- რა იქნებოდა თქვენი ძირითადი რეკომენდაციები, რითიც კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფს მიმართავდით?

- ორი ძირითადი თემაა: ერთი ის, რომ აქტივების განაწილების ალოკაცია მაქსიმალურად დამოუკიდებელმა კომიტეტმა უნდა გააკეთოს და კომიტეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაზე დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს. ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭო არის ძალიან კარგი მაგალითი თუ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს. მეორე არის ის, რომ კერძო მოთამაშეების სიმრავლე ცუდი არ იქნებოდა. რამდენიმე, მინიმუმ 3 საპენსიო ფონდი რომ იყოს, მოქალაქეებს არჩევანი ექნებათ, რათა 3-5 წელში ერთხელ, ერთი ფონდიდან მეორეში გადავიდნენ.