Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"სექტემბრამდე ევროპულ ენერგოგაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას"

56d3fcb701ba8
დავით ჯალაღონია
29.02.16 12:08
989
ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორის მურმან მარგველაშვილის შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ევროპულ ენერგოგაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
 
ენერგეტიკოსის აზრით, საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, ვერ მოასწროს იმ სამუშაოს ჩატარება, რაც აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებას უძღვის წინ.

"სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობას, რამდენჯერმე დავაყენეთ ის საკითხი, რომ ენერგოგაერთიანებაში ჩვენი გაწევრიანებისთვის მომზადება დაჩქარდეს და ეს შესაძლებლობა, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ამ წლის სექტემბრამდე იძლევა, ხელიდან არ გავუშვათ", - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი განმარტებით, პირველადი შეფასებებით, ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება 2014 წელს იყო მოსალოდნელი.

რაც შეეხება, ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე საქართველოსთვის გარკვეული გამონაკლისების დაწესებას, მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, ეს საკითხი ევროპულ მხარესთან შეთანხმებულია.

"როგორც ვიცი, ძირითადი გაზის ტრანზიტის არსებული პირობების შენარჩუნებაა და ეს შეთანხმებულია, თუმცა ამაზე ხმამაღალი ლაპარაკი სამინისტროს მხრიდან შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი, სანამ საბოლოო შეთანხმება არ იქნება, თუმცა თუკი ჩვენ არ გამოვიყენებთ იმ პერიოდს, რომელიც ასოცირებით გვაქვს მოცემული, შეიძლება, ეს გამონაკლისები დავკარგოთ და ასოცირების შეთანხების შესრულება გაგვირთულდეს", - მიიჩნევს მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებისთვის ქართულ და ევროპულ მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა გაზაფხულზე იგეგმება.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, 17 მარტს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხზე კონფერენცია ჩატარდება, სადაც გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანის მიწვევით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ღონისძიების მიმდინარეობისას გადაწყდება, როდის შედგება მხარეებს შორის შეხვედრა საქართველოს ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მარიამ ვალიშვილი ირწმუნება, რომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი დადგენილ ვადებში დასრულდება.