Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სითი პარკი" და თბილისის მერობის კანდიდატები

59a416463b2d6
BM.GE
29.08.17 10:00
1225
ბოლო 2 არჩევნებია დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებში "სითი პარკის" საკითხი აქტუალურ თემად რჩება. თბილისის მერის 2014 წლის არჩევნებში გამარჯვებული დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასააარჩევნო დაპირება სწორედ "სითი პარკის" ხელშეკრულების გადახედვა იყო, რაც დედაქალაქის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა 3 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. მიზეზად კომპანიასთან დადებული "კაბალური ხელშეკრულება" სახელდება, რომლის ცალმხრივად გაწყვეტაც თბილისის ბიუჯეტს 25 მილიონი ლარი დაუჯდება.

2014 წლის ბოლოს მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „კომპანია "სითი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში”. მის მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„ჩვენ არ შევრიგებივართ "სითი-პარკს" და მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ არასდროს გვქონია ჰარმონიული ურთიერთობა "სითი-პარკთან". მოვამზადეთ ხელშეკრულებაში გონივრული ცვლილებების პროექტი, მაგრამ "სითი-პარკი" ამ ცვლილებებზე არ წამოვიდა, რადგან მასთან კაბალური ხელშეკრულება იყო გაფორმებული”,- განაცხადა ნარმანიამ მიმდინარე წლის აგვსიტოში.

მიუხედავად წინამორბედის წარუმატებლობისა "ქართული ოცნების" მერობის მოქმედი კანდიდატის კახი კალაძის ერთ-ერთი პირველი საარჩევნო დაპირებაც „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებაა.

"ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის გაფორმებული. როცა მე მერი გავხდები, აუცილებლად ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოინახოს სამართლებრივი შესაძლებელობები, რომ ეს ხელშეკრულება იყოს გაუქმებული. პირდაპირ ამ კომპანიის ინტერესშია, რომ ქალაქში არ იყოს გასაჩერებლი ადგილები, რადგან რაც ნაკლებია გასაჩერებელი ადგილი, ეს კომპანია უფრო მეტ ჯარიმას წერს, აღიზიანებს მოსახლეობას და თბილისის მოსახლეობას უწევს ჯიბეების დაცარიელება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლის ცვლილებაზეც ვიმუშავებთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

იგივე დაპირება აქვს მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსაც. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მოსახლეობას პირდება, რომ გააუქმებს ხელშეკრულებას, რომელიც 2007 წელს ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდო.

ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი "სითი პარკის" ამ ქალაქიდან მოშორება იქნება, - აცხადებს უდუმაშვილი.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ "სითი პარკს" 2025 წლამდე კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. მისი თქმით, კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც თბილისის მერიამ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროულად უნდა შეწყვიტოს.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება, - ეს განცხადება კი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილს ეკუთვნის.

ელისაშვილის თქმით, ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება ”სითი პარკისთვის” ჯარიმის გადახდა, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის დაეკისრება ქალაქის მერიას.

თანაგუნდელის "შეცდომას" აღიარებს თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია, რომელიც ამჟამად პარტიაში გიგი უგულავასთან ერთად იმყოფება. „სითი პარკთან“ ხელშეკრულება სწორედ გიგი უგულავას მერობის დროს გაფორმდა.

"სითი პარკთან ხელშეკრულება არასწორი პირობებით დაიდო, ამ ხელისუფლებამ არაფერი გამოასწორა, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მაგრამ დღეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ სითი პარკი წარსულია და გავწყვიტოთ ხელშეკურლება, არ არის მომავლის შეთავაზება. როცა ვიტყვით, სითი პარკი აღარ იქნება და ქალაქის ამოცანას ვერ პასუხობსო, ხედვაც უნდა დავდოთ: როგორ გადავწყვეტთ პარკინგის პრობლემას. ხედვას თუ არ დავდებთ, გამოდის, რომ უბრალოდ ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს ან იმას ვამბობთ, რაც ძალიან პოპულარულია", – განაცხადა ხოშტარიამ.

"სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გადახედვის იდეით გამოდის "შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილიც.

"სითი პარკი ან ჩაეწერება ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ჩვენ მიერ შემუშავებულ გეგმაში, ან მასთან გავწყვეტთ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, თუნდაც ეს მრავალწლიან საარბიტრაჟო დავასთან და გარკვეულ ფინანსურ რისკებთან იყოს დაკავშირებული," - აცხადებს შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი.

2007 წელს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს "ამაგონის" და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის" კონსორციუმმა გაიმარჯვა. აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს, რომელიც 2007 წლიდან გახდა მონოპოლისტი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხში.