უმსხვილესმა უკრაინულმა ნავთობისა და გაზის მომპოვებელმა კომპანიამ „უკრნავთობმა“ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა.
RBC-ს ცნობით, სასამართლოს ვებ-გვერდზე სარჩელის არსსა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქმის წარმოება მიმდინარეობს ჯერ კიდევ 1998 წელს რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის მთავრობათაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი კიდევ 11 უკრაინულ კომპანიას აქვს შეტანილი. მათ შორის - Stabil-ს, „რუბენორს“, „რუსტელს“, „კიროვოგრად-ნავთობს“, „ყირიმ-პერტოლს“, „პირსანს“, „ტრეიდ -ტრასტს“ და სხვა.