Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვერც წელს და სავარაუდოდ მომავალ წელს თაფლის ექსპორტი ევროპაში ვერ განხორციელდება"

570a2d808cbac
ელენე გოგბერაშვილი
10.04.16 14:37
1110
მეფუტკრეთა გილდიის ხელმძღვანელის, გიორგი კეპაშვილის განცხადებით, ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე გატანა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების გამო ვერ ხერხდება. კეპაშვილის თქმით, პროდუქციის ექსპორტზე გატანამდე ქვეყნის შიგნით წარმოება უნდა მოწესრიგდეს, რადგან თაფლის პირველადი წარმოება დღეს ხარისხობრივ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.
 
"თაფლის ექსპორტისთვის საჭიროა მისი ხარისხობრივი მონიტორინგი და ლაბორატორია, რომელიც საერთაშორისო სერტიფიკატს გასცემს. სამწუხაროდ, ამ მხრივ უარყოფითი შედეგები გვაქვს. ქვეყანაში თაფლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია არ ფუნქციონირეს. შესაბამისად, თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი წელს და სავარაუდოდ მომავალ წელს ვერ განხორციელდება", - აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

"მორიგი სინჯების გაგზავნა რიგაში არსებულ ლაბორატორიაში განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ამას 3 თვე მაინც მიაქვს. არ მგონია, რომ შედეგები იყოს უკეთესი, ვიდერე იყო გასულ წელს’’-აცხადებს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე.

როგორც კეპაშვილი ამბობს, მათ დაწერეს მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისცეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების რეკომენდაცია, რაც ხელს შეუწყობდა პირველად წარმოებაში თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას. მისი თქმით, სტარტეგიაში ასახული დარგის ხელშეწყობის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს უფლება აქვს ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში 1500 ტონა თაფლი შეიტანოს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ექსპორტზე დაახლოებით 2000 ტონა თაფლის გატანა შეგვიძლია, თუმცა ეს იქნება მაშინ, როცა პირველად წარმოებაში უზრუნველყოფილი იქნება ხარისხი, იარსებებს ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია და საწარმო, რომელსაც შეეძლება ნედლეულის გადამუშავება. შეიძლება გვქონდეს ხარისხიანი პროდუქცია, მაგრამ არ იყოს საწარმო, რომელიც მას მისცემს სასაქონლო სახეს. სამწუხაროდ ამის გაკეთება დღეს მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია", - აცხადებს გიორგი კეპაშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში კოოპერატივებს საშუალება აქვთ თანადაფინანსებით სკები აიღონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ჯამში 7 000-ზე მეტი სკა გადაეცემა.