Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში"

56ff9ca0ea7c1
BM.GE
02.04.16 14:14
908
„ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ და ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა", - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დიმიტრის ავრამოპოლუსის თქმით, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული,“–აღნიშნა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ.

"რეფორმები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის ჩარჩოებში გატარდა, სასიკეთოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით, ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურების დროს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას", -  განაცხადა ევროკომისარმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. პრემიერის თმით, საქართველო განსაკუთრებით მადლიერია იმისთვის, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით გამგზავრებას ვიზის გარეშე შეძლებენ.

"საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული ეს პროგრესი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ევროკავშირი სათანადოდ აფასებს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას და გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს განიხილავს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო, რომლებიც, იმედი გვაქვს, იხელმძღვანელებენ ევროკომისიის შეფასებით და შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება საქართველოს მიერ განხორციელებული სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.