Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რესტორატორთა ასოციაცია: ხმაურის შესახებ კანონის მიღება შეჩერდა

5728ad4b748a9
ელენე გოგბერაშვილი
03.05.16 17:46
1440
კანონი, რომელიც დღის და ღამის საათებში ხმაურის დონეს დაარეგულირებს, პროექტის მიხედვით, ძალაში მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა შევიდეს, თუმცა როგორც რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, სარესტორნო ბიზნესის მყარი პოზიციის გამო კანონპროექტის განხილვები დროებით შეჩერდა.
 
ასოციაციის გამგეობის წევრის შოთა ბურჯანაძის თქმით, კანონპროექტი, რომლის ავტორი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძეა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოიწონა, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩააგდო. მათი ინფორმაციით, კანონის მიღება სავარაუდოდ აღარ მოხდება.

რესტორატორები ამბობენ, რომ დოკუმენტის დღეს არსებული ფორმით მიღება მათ ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მათთვის მიუღებელია როგორც ხმაურის დასაშვები ნორმის, ისე სანქციების მოცულობა.

თუ კანონი ძალაში შევა, დღის განმავლობაში ხმაურის დასაშვები ზღვარი 40 დეციბელი, ღამის საათებში კი 30 დეციბელი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, დღის და ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკური პირები 150 და 300 ლარით, იურიდიული პირები და დაწესებულებები კი 500 და 1000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებითი ქმედება კი ჯარიმების გაორმაგებას გამოიწვევს. ხმაურს ქვეყანაში ხმაურმზომი მოწყობილობით აღჭურვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გააკონტროლებენ.

კანონპროექტის განხილვების შეჩერების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას თავად კანონპროექტის ავტორთან შევეცადეთ, თუმცა თედო კობახიძე კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოსულა.