Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რევაზ აფხაზავა: საგნის გამოცდას თუ ვერ ჩააბარებს, მასწავლებელი სისტემიდან უნდა გავიდეს

56e7db3e6b05b
BM.GE
15.03.16 13:46
1242
მასწავლებელთა ბოლო საგნობრივი გამოცდები კვლავ ცუდი შედეგებით დასრულდა. რატომ ვერ იწყებს მუშაობას 800 სერტიფიცირებული მასწავლებელი და არსებობს თუ არა მდგომარეობის გამოსწორების გზა, -თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" "განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის" ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, რევაზ აფხაზავა საუბრობს.
 
- ბატონო რევაზ, სად არის გამოსავალი, არსებობს თუ არა მზა რეცეპტი იმისა, რომ ეს პრობლემა რამდენიმე წელიწადში მოგვარდეს?

- უპირველესად ის უნდა ითქვას, რომ პრობლემის იდენტიფიცირებისთვის ასეთი ტესტის შედეგებით მსჯელობა ცოტა რთული იქნება. თუმცა, ცალსახად ძალიან სერიოზული ინდიკატორია. აქ საუბარია საგნის გამოცდის ჩაბარებაზე. ერთი არის, რომ საგნობრივ კომპეტენციას დაადასტურებ - რომ ეს საგანი, რომელსაც ასწავლი იცი, მაგრამ მეორე საკითხია, რომ მიუხედავად იმისა, იცი თუ არა ეს საგანი როგორ ასწავლი მას და შეგიძლია ასწავლო თუ არა. ის ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ საგნის კომპეტენციას მათშიც კი საკვლევია. რეალურად ეს შეფასება კომპლექსური უნდა იყოს და მხოლოდ ტესტის შედეგებს არ უნდა ეყრდნობოდეს. იმიტომ, რომ ტესტით კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ დროის მონაკვეთში იმ მასწავლებელს რა ახსოვს და რა არა, ეს იზომება. სახელმწიფომ სქემა აამოქმედა, რომლის ლოგიკაც ძალიან კარგია. ეს არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, მაგრამ მენეჯერული თვალსაზრისით, განსახორციელებლად ძალიან რთულია და რაღაც გარკვეულ რისკებსაც შეიცავს.

- სახელმწიფოს მიდგომა, რომ გამოცდები ტესტირებულ რეჟიმში ჩაატაროს, სწორი არ არის?

- შეფასება მრავალმხრივი უნდა იყოს. ტესტი გარკვეულწილად თავის ფუნქციას ასრულებს, რაღაც კონკრეტულ საკითხს ამოწმებს. მაგრამ გარდა ამისა, საგაკვეთილო დაკვირვებაა აუცილებელი. თუმცა, 60 000 მასწავლებელზე ამ ყველაფრის გაკეთება საკმაოდ მასშტაბური ამოცანაა. ამ მიმართულებით, გარდა იმისა, რომ გარკვეული რისკების იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ და შევძლოთ ეს რისკები თავიდან ავირიდოთ, მხარდაჭერაც უნდა იყოს და მასწავლებლების მხრიდან ჩართულობა უნდა იყოს.

- ამ ეტაპზე პრობლემების იდენტიფიცირება მშობლების მხრიდან ხდება, როდესაც ხედავენ, რომ, ბავშვები კარგად ვერ სწავლობენ...

- საკმაოდ რთული საკითხია. 60 000 მასწავლებელია და 500 000 - მოსწავლე. განათლების სისტემა მასწავლებლების გარდა, მთლიანად ქვეყანას ფარავს. ჩვენ თითოეულ ოჯახს განათლების სისტემასთან პირდაპირი ან ირიბი შეხება გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმაც გაიაზრონ და მასწავლებლებთან მიდგომის საკითხები პოლიტიკური დავის საგანი არ იყოს. იმიტომ, რომ ამის საპირწონედ მოსწავლეები და მათი მშობლები დგანან, რომლებიც გაცილებით მეტნი არიან და მომავალი თაობისთვის ანგარიშის გაწევა უფრო მნიშვნელოვანია. ჩენ უნდა ვიზრუნოთ მომავალი თაობის აღზრდაზე, რომ ის მომავალი მივიღოთ, რომლისკენაც მივისწრაფით.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- კომპლექსური შეფასების შედეგად, მასწავლებლები სხვადასხვა კატეგორიებად გადანაწილდებიან. არიან მასწავლებლები, რომლებსაც განვითარება არც სურთ, არც აპირებენ კვალიფიკაციის ამაღლებას. საგნის გამოცდას თუ ვერ ჩააბარებს მასწავლებელი სისტემიდან უნდა გავიდეს. იმიტომ, რომ ადამიანმა, პედაგოგმა ელემენტარული თუ არ იცი, საგანი არ იცი, ეს აპრიორია. საუბრობენ, რომ ტესტები ძნელი იყო. ტესტში არის შედარებით რთული კითხვებიც, მაგრამ ის, რომ 60 პროცენტიც ვერ დააგროვო, იქ მარტივი კითხვებიც ხომ არის. კი ბატონო, 100 პროცენტს ნუ დააგროვებენ, მინიმალური კომპეტენციისთვის იქ მარტივი კითხვებიც არის, რომელთა პასუხის გაცემითაც 60 პროცენტის დაგროვება შესაძლებელია.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ის 800 სერტიფიცირებული მასწავლებელი სისტემაში შემოვიდეს. განათლების სამინისტრომ ამისათვის რა უნდა გააკეთოს?

- ესეც რთული საკითხია. განათლების სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს არ ვიცი, მაგრამ რეალურად კარგი იქნებოდა ადამიანებს, რომელთაც გამოცდებში 4-5-ჯერ აქვთ მონაწილეობა მიღებული და თავისი საგნის კომპეტენციას ვერ ადასტურებენ, ამ ადამიანების უმტკივნეულოდ ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო. თუმცა ახლა კიდევ 5-ჯერ გასვლის საშუალება ეძლევათ. გასაგებია, რომ ამ ადამიანებს ანგარიშს უწევენ, მაგრამ ანგარიში ბავშვებსაც აქვთ გასაწევი. რამდენიმე ჯგუფი გამოიკვეთება - ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ამ პროფესიაში ვეღარ ხედავენ, მაგრამ ინერციით მიჰყვებიან, ესენი არიან ხანდაზმული პედაგოგები, რომლებსაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ღირსეულად გავიდნენ პენსიაზე და სოციალური გარანტიებიც შეუქმნას. ეს დანახარჯები გაცილებით გამართლებული იქნება, ვიდრე ის, რომ ეს ადამიანი თავის ადგილზე შევინარჩუნოთ და მისთვის სამსახური სოციალური თავშესაფარივით იყოს.

- როდესაც მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის კომპეტენციაში ეჭვი ეპარებათ, ეს სიტუაცია ადრეც იყო, თუ ახლა გამოჩნდა. საქმე რა სიტუაციასთან გვაქვს?

- ახლა ატყდა აჟიოტაჟი, თორემ იგივე გამოცდა ივლისშიც ჩატარდა და დაახლოებით იგივე შედეგები იყო. 2011 წლიდან ტარდება გამოცდა და თავიდან ცოტა უკეთესი შედეგები იყო, მაგრამ იმის მერე სულ კლებადი ტენდენციაა. რაღაც პერიოდი გავა, სიტუაცია ჩაწყნარდება. საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს. ხალხმა ეს პრობლემა მწვავედ უნდა გაიგოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებლებს დავერიოთ. მოქნილი სისტემა უნდა შეიქმნას. ადამიანები, რომლებიც განვითარებას არ აპირებენ, ნელ-ნელა უნდა დავემშვიდობოთ და ღირსეულად გავუშვათ სახლებში. ის ადამიანები, რომლებიც რაღაც გარკვეულ დონეზე განვითარებულები არიან და მოტივაცია აქვთ, რომ განვითარდნენ მათ სახელმწიფომ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს, არიან მასწავლებლები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და კარგი მასწავლებლები არიან. მათ განსაკუთრებული დაფასება, მეტი პატივისცემა და ხელფასებიც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მასწავლებლის პროფესია პატივსაცემი პროფესია აღარ არის და ა.შ. ხელფასით პატივისცემა არ განისაზღვრება. ადრე იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში მასწავლებელი ძალიან საპატიო პროფესია იყო. ხელფასი ერთ-ერთი მოტივატორია ცხადია და უნდა გაეზარდოთ ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ მთავარი ეს არ არის.