Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სარა უილიამსონი: ვფიქრობთ, რომ საგადასახადო რეფორმა 2017 წლიდან უნდა განხორციელდეს

56d5928cb1fe0
BM.GE
01.03.16 16:58
1079
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 26 თებერვალს ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე "ბიზნესკონტაქტთან" სარა უილიამსონი საუბრობს. მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა გადასახადების ესტონურ მოდელზე გადასვლა იყო.
 
- საკმაოდ ეფექტური იდეა გახლავთ, მაგრამ ჩვენ შეშფოთების რამდენიმე მომენტი გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ წლის შუა პერიოდში რეფორმის განხორციელება შესაძლოა ცოტა გართულდეს. ჩვენ პრემიერს ვესაუბრეთ და აღნიშნული იდეის უკეთესად განსახორციელებლად იდეებს ვაანალიზებთ. აღნიშნული ნაბიჯი საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, მდგომარეობას შეუმსუბიქებს როგორც გადამხდელებს, ასევე საშემოსავლო სამსახურების ინსპექტორებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტის ფუქნქციონირება 2017 წლის იანვრიდან უნდა დაიწყოს.

- რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი დღეს?, ხშირად არის საუბარი ბიუროკრატიაზე...

- მთავრობამ ბიუროკრატიის დონის შემცირებისთვის უნდა იმუშაოს. ეს გახლავთ ის საკითხი, რაზეც არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ყველა ქვეყანამ უნდა იფიქროს და იმუშაოს. შეხვედრაზე ამასაც გავუსვით ხაზი და აღნიშნულ თემაზე პრემიერმაც ისაუბრა და კონკრეტული ნაბიჯები იგეგმება.

- თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- საქართველოში ბიზნესის დაწყება ძალიან ადვილია. აქ ბიუროკრატიული ბარიერები მოხსნილია, გადასახადების რაოდენობაც მცირეა, რაც ბიუროკრატიული შეფერხებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია. ვთვლი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ამის საკმაოდ კარგი მაგალითი გახლავთ, ამ ორგანიზაციაში ბიუროკრატიული გეგმების შემცირებას ვგულისხმობ.

- რას იტყოდით ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, საქართველოს ინდუსტრიულ ზონაში - ქუთაისში უკვე ათი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა. საქართველომ პირდაპირი ინვესტიციების ჭრილში რა უნდა მოიმოქმედოს?

- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან უმნიშვნელოვანესია. იგი შემდგომში ქართულ ეკონომიკას აუცილებლად გამოაცოცხლებს. იმისთვის, რომ საქართველო უფრო კონკურენტული გახდეს, რა თქმა უნდა, განათლებას უნდა დავუბრუნდეთ. ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი პრობლემა პროფესიული განათლების თემაა. ეს ცენტრალური საკითხია. იმიტომ, რომ საქართველოში მაღალკვალიფიციური შრომა ძალიან ძვირია. დიდია მეცნიერმუშაკთა რაოდენობა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის თვალსაზრისით, მდგომარეობა ძალიან რთულია. მახსოვს ჩემი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც უზარმაზარი შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ ადამიანებს ტრენინგი გაევლოთ, შესაბამისი განათლება მიეღოთ და კვალიფიკაცია აემაღლებინათ. ასევე საყურადღებოა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ანგარიშების გაყინვა. მოხარულები ვართ, რადგან პრემიერმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა გვარდება და ამას ჩვენც ვაკვირდებით. პრობლემები სასამართლო სისტემაშიც მოსაგვარებელია. ვიცი, რომ სასამართლო რეფორმის პაკეტი არსებობს, რომელსაც პარლამენტში კომიტეტები განიხილავენ.