Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

56fbc355a4dff
BM.GE
30.03.16 16:13
1211
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებისათვის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და სერვის-ცენტრებში საინფორმაციო-შემეცნებითი სემინარები გაიმართება.
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანმანათლებლო პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, საზოგადოებაში საგადასახადო ცნობიერების ამაღლებას და, მეორე მხრივ, დაეხმარება სტუდენტებს პროფესიულ ორიენტაციაში. პროექტში ქვეყნის მასშტაბით 33 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული და მას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე კურირებს.

პირველი სემინარი 30 მარტს, ქუთაისში გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვისცენტრმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. სტუდენტები ადგილზე გაეცნენ მომსახურების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც შემოსავლების სამსახური სთვაზობს გადასახადის გადამხდელებს. შემდეგ სტუდენტები ესტუმრნენ საბაჟო გამშვებ პუნქტს „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა". შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს საბაჟო პროცედურები, განუმარტეს თანამედროვე საბაჟო სისტემის არსი და მნიშვნელობა სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მომდევნო სემინარები ბათუმსა და ფოთში გაიმართება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“, და ბათუმის სერვისცენტრის მუშობას, 1 აპრილს კი გაფორმების ეკონომიკურ ზონას „ფოთი“, საბაჟო გამშვებ პუნქტს „ფოთის პორტი“ და ფოთის სერვისცენტრს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვევიან.