Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, მიმდინარე წელს 50 მილიონი ლარი გამოიყო

571243a07a26a
BM.GE
16.04.16 17:48
1143
მთავრობის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი 50 მილიონი ლარის ათვისება ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა. პროგრამის წლევანდელ პრიორიტეტებზე "საქმიან დილასთან“ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ცინცაძე საუბრობს.

- ბატონო გიორგი, თანხის ათვისება ჯერ არ დაწყებულა და ეს რაიმე პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუ კონკრეტულ პროცედურებთან?

- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უკვე მეშვიდე წელია საქართველოში ფუნქციონირებს. ყოველწლიურად 50 მილიონი გამოიყოფა. წლევანდელ ათვისებას რაც შეეხება ეს პროცედურებს უკავშირდება და არანაირად პრობლემებს. ბიუჯეტის დადგენილების შემდეგ ხდება მთავრობის გამოსვლა, რომელიც თანხის ათვისების პროცედურებს განსაზღვრავს. ამის შემდეგ სოფლებში კრებები ტარდება და მოსახლეობის გადაწყვეტილება განმსაზღვრელია იმ პროექტებისა, რომელიც უნდა დაფინანსდეს.

- რამდენად გადამწყვეტია მოსახლეობის აზრი?

- მოსახლეობის აზრი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა, არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც კრებამ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც მუნიციპალიტეტი იურიდიულად ვერ განახორციელებს. მაგალითად, შეიძლება იყოს სკოლის მშენებლობა, რომელიც განათლების სამინისტროს პრეროგატივაა მაგრამ ამავე დროს, საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის უფლება-მოსილებაში შემავალი ფუნქციაა და შესაბამისად, საბავშვო ბაღის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება განხორციელდება.

- რა ვადაში დაიწყება თანხის ათვისება, რა დრო ჭირდება პროცედურების გავლას?

- თანხა მუნიციპალიტეტების მიხედვით მთლიანად განაწილებულია, რაც ეყრდნობა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს და ამ მონაცემების საფუძველზე გავიანგარიშეთ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის საჭირო თანხა, ამის შემდეგ უკვე საკრებულო ამტკიცებს თითოეული დასახლების მიხედვით თანხის ოდენობას. შესაბამისად, ამ თვის განმავლობაში უკვე ტენდერების გამოცხადება დაიწყება.

- თითოეულ სოფელზე საშუალოდ რა თანხა ნაწილდება?

- თანხა უშუალოდ სოფლის მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. საქართველოში დაახლოებით 3500 სოფელი და დაბაა. ერთკაციან სოფელზე დაახლოებით 4 000 ლარია და 10 000 კაციან სოფელზე შესაძლოა 100 000 ლარამდე ავიდეს. მოსახლეობის აქტიურობას რაც შეეხება სამწუხაროდ, ქართველი ხალხი აქტიურობით არ გამოვირჩევით. ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, მაგრამ დიდი გავლენა აქვს ქალების მონაწილეობას უკვე გადაწყვეტილების შინაარსზე. რამდენადაც გაიზარდა ქალების მონაწილეობა, იმდენად გაიზარდა იმ პროექტების რაოდენობა, რომლებიც უშუალო ყოფით პრობლემებს უკავშირდება, ეს არის საბავშვო ბაღის ავეჯით, ჭურჭლით თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთით აღჭურვა მისასვლელი გზები საბავშვო ბაღთან, სკოლასთან, ან წყლის პროექტები.

- ძირითადი პროექტები რას ეხება ხოლმე, რაც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა?

- წლევანდელს ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც წესი სოფლებში იგივე პრიორიტეტებია ხოლმე. პირველ ადგილზე სტაბილურად არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწესრიგება, აქ კარგი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ აჭარის შემთხვევა, რაშიც მოსახლეობა თვითონ არის უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართული, გარდა გადაწყვეტილების მიღების პროცესისა. უშუალოდ სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობა ახორციელებს და ეფექტი აქვს ძალიან კარგი, უფრო მეტს აკეთებენ მცირე თანხით, მეორე ადგილზე წყლის პროექტებია, თუმცა ამ თანხებით მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ ადგილზე კონკრეტული სოფლისთვის შეიძლება კონკრეტული პრობლემა გადაჭრას, დაზიანებული მილი შეიცვალოს, ნაგებობა გარემონტდეს და ა.შ.

- ამ წლების განმავლობაში, ბიუჯეტი ხომ არ შეცვლილა, სტაბილურად 50 მილიონია?

- ბოლო ხუთი წელია 50 მილიონია, მანამდე 40 მილიონი იყო. თანხის გაზრდაზე საუბარი აქტიური კუთხით არ მიმდინარეობს, უფრო მეტიც საკმაოდ ბევრი კრიტიკოსები ყავს ამ პროგრამას იქიდან გამომდინარე, რომ წვრილი პროექტებია და ეფექტურობა ნაკლებია, მაგრამ ამ პროგრამის მთავარი არსი შეიძლება არც იყოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აქ არის დემოკრატიული პრინციპების დანერგვა და მოსახლეობის გადაწყვეტილებით თვითმმართველობის გადაწყვეტილება. ეს საკმაოდ დიდი კომპონენტია.