Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი იზრდება

570ddd914a8cf
დავით ჯალაღონია
13.04.16 09:45
1022
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი იზრდება. როგორც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, რეორგანიზაციის ფარგლებში იმ სტრუქტურული ერთეულებიდან, რომლის ლიკვიდაცია ხდება, გარკვეული სახსრები ეკონომიკური პოლიტიკის და შემდგომში - ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს დაემატება.
 
"მოგეხსენებათ, რომ რეორგანიზაციის მთავარი არსი საბიუჯეტო რესურსის დაზოგვა და მისი ოპტიმალური გამოყენება იყო, შესაბამისად, თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, ასევე სხვა მიმართულებით გადანაწილდება, ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის მიმრთულებით არსებულ 4 მილიონ 100 ათას ლარს დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაემატება“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულ პროგრამებს, მისი განმარტებით, ყველა მათგანი შენარჩუნდება.

„უბრალოდ დაემატება ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან სხვადასხვა იდეა, მათ შორის ინოვაციური მინი პროექტები, „ქალაქის ფორუმი“ და აგრეთვე, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრიდან დაგვიბრუნდება იაფი ფინანსური რესურსების პროგრამა, რაც გულისხმობს მეწამეებისთვის სესხის პროცენტის თანადაფინანსებას. წელს ამ მიმართულებით 200 000 ლარია გათვალისწინებული", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. ამასთან, როგორც "ბიზნესკონტაქტისთვის" ცნობილია, ამ რეორგანიზაციის პროცესის გათვალისწინებით მერია თბილისის ბიუჯეტში ცვლილებებს გეგმავს. დედაქალაქის მთავრობა წელს ადმინისტრაციული ხარჯების 8 მილიონი ლარით დაზოგვას აპირებს.