Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლის გახდა

56b818e43162a
BM.GE
08.02.16 08:22
1478
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 98 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.  საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის მედლებით დაჯილდოვდებიან თსუ ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება დოკუმენტური ფილმის (დილოგია) „სათავეებთან“ ჩვენება (სცენარის ავტორი და რეჟისორი თინათინ დაბრუნდაშვილი, ტელეკომპანია „პულსი“). ფილმი ეძღვნება საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების დამკვიდრების პირველ ნაბიჯებს, თბილისის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დაფუძნებას და ამ პროცესში მონაწილე პიროვნებათა ღვაწლს; ფილმის მეორე ნაწილი ეძღვნება ადამიანის ანატომიის, ქირურგიისა და პათოლოგიური ანატომიის კათედრების დაარსებას, მათ პირველ ხელმძღვანელებს და ამ კათედრებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესებს.

1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ტფილისის უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.