18.Dec.2015 13:51
Economy

თბილისში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა

თბილისში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა
თბილისში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალი საკვალიფიკაციო ცენტრი დაათვალიერა და გაეცნო იმ უახლეს სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს.
 
"ახალი საკვალიფიკაციო ცენტრი საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპანიების მენეჯერებსა და მძღოლებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად გადაამზადებს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, სიმულატორებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. პროექტი განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად, რაც იმას გულისხმობს, რომ სატრანსპორტო საქმიანობის განხორციელება უნდა დაევალოთ პროფესიული კვალიფიკაციის (GPG) მქონე სპეციალისტებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს გადამზიდავ კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე და მათი საქმიანობა იყოს მომგებიანი და ეფექტური", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

"ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების მომზადებისა და გადამზადების იმისთვის, რომ მათ მოახერხონ საერთაშორისო არენაზე დასაქმება. კონკრეტულად, ჩვენ უკვე გვყავს სერტიფიცირებული ტრენერები, რომელთა კვალიფიკაციაც აღიარებულია საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მომზადებული ტრანსპორტის კომპანიის მენეჯერები შემდგომში უკვე მოხვდებიან საერთაშორისო რეესტრში და მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სულ მცირე, იმ 65 ქვეყანაში, რომლებიც არიან საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წევრები და, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ იმ სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გვყავდეს ტრანსპორტის მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც განახორციელებენ კვალიფიციური მოთხოვნის არსებობისას შესაბამისი სერვისების მიწოდებას. თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სფეროს და ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სახმელეთო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების ქონა, რომლებსაც მაღალკვალიფიციური კადრები ესაჭიროება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 6 თვიანი აკრედიტაციის პროცედურა იმ პროფესიული კომპეტენტურობის (GPG manager) სპეციალობის განხრით, რასაც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წესდება ითვალისწინებს.

ცნობისთვის: IRU წარმოადგენს მსოფლიოში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის სასწავლო ცენტრების აკრედიტაციას და მისი დიპლომი აღიარებულია ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება უკვე შესაძლებლობა მოვამზადოთ შესაბამისი კვალიფიკაციის სატრანსპორტო მენეჯერები, რაც ავტომატურად უზრუნველყობს უფრო მეტი ქართული კომპანიის წვდომას ევროკავშირის ბაზართან, ისინი ასევე კონკურენტუნარიანები იქნებიან სხვა ქვეყნების მენეჯერებთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ცენტრში აღებული დიპლომი მოქმედებს არამარტო საქართველოში, არამედ მის მფლობელს შეეძლება ის გამოიყენოს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ - აღნიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება, რომ სააგენტოს ახლადგახსნილ საკვალიფიკაციო ცენტრს მიენიჭოს რეგიონალური ცენტრის სტატუსი. მათივე განცხადებით, 2016 წლიდან დაიწყება ახალი, ფართომასშტაბიანი ცენტრის მშენებლობა, სადაც სრულად დაინერგება პროგრამები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

2016 წელს ასევე დაგეგმილია საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში აკრედიტირებული ცენტრების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის დაფინანსებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში გაიმართება. კონფერენციას 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.



22.May.2019 23:49
8

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
13

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
86

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
116

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
108

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
94

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More