Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თხილის ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ

570e1a6a6a4ee
BM.GE
13.04.16 14:05
1286
თხილის ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ექმნებათ. მწარმოებლების ნაწილი ფიქრობს, რომ წელს პროდუქციას სრულად ვერ გაყიდიან ან მათი დანაკარგით რეალიზება მოუწევთ.
 
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაზარზე ფასებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თურქეთი. მისივე თქმით, 2015 წელს თურქეთში კარგი მოსავალი იყო, თუმცა თხილზე კვლავ მაღალი ფასები შენარჩუნდა. მოწერელია ამბობს, რომ ახალი მოსავალი 2016 წლის აგვისტოში იქნება და წელს დანაკარგი საკმაოდ მცირეა.

"მსოფლიო ბაზარზე თხილი გაჯერებულია, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა. როდესაც მსოფლიოში თხილზე ფასები იკლებს, ანალოგიურად იკლებს საქართველოშიც", - ამბობს მოწერელია.

თხილის ქარხანა "ნატექსის" ხელმძღვანელი, მამუკა ბერიაშვილის აზრით, დღევანდელი თხილის ფასი რამდენიმე წლის წინ არსებულ თხილის ფასის მინიმუმს დაუბრუნდა და არის შანსი, რომ პროდუქციის ნაწილი გაუყიდავი დარჩეს.

"ვდგავართ იმ ფაქტის წინაშე, რომ სეზონის დასასრული იქნება ცუდი და ძალიან ცუდი. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ძალიან დიდი რისკი მომავალ სეზონზე ხარისხის გაუარესების კუთხით, რადგან მოხდება ძველი თხილის შერევა ახალში. ქართული თხილის ხარისხი ევროპაში ისედაც არც თუ ისე სახარბიელოა", - ამბობს მამუკა ბერიაშვილი. მეწარმე თხილზე ფასის მატებას წელს აღარ ვარაუდობს. 

ბერიაშვილი ამბობს, რომ სეზონის დასაწყისში თხილის ფასზე მცდარი აზრი იყო გავრცელებული, რომლის მიხედვითაც, ფასი 10 ლარის ზემოთ - 14-15 ლარი იქნებოდა.

"ფერმერებში საკმაოდ მწირია ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რას მოელის ბაზარი".

ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული მეწარმეს ინფორმაცია მიაწოდოს მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით. მისი თქმით, პრობლემა არა ინფორმაციის, არამედ გამოცდილების ნაკლებობაა.

"ფერმერები არ არიან ორიენტირებულნი კლიენტებზე. ყველას სურს, რომ საქონელი შეიძინოს, გააჩეროს და აქედან მიიღოს მოგება. ამან ორი წლის წინ გაამართლა, რადგან მოსავალი არ იყო. ყველას უნდოდა დაეჯერებინა, რომ წელსაც იგივე განმეორდებოდა. ბევრმა დაუშვა შეცდომა: იყიდეს თხილი 6-8 ლარად და დღეს კი თხილი ღირს 4 ლარი. ეს პრობლემა მარტო ჩვენს ბიზნესში არ არის", - ამბობს მოწერელია.

ბიზნეს მიდგომების პრობლემაზე საუბრობს მამუკა ბერიაშვილიც. მისი თქმით, მეწარმეების ნაწილი ხარისხზე ორიენტირებულები არ არიან. "ჩვენ თუ არ ვიქნებით ხარისხზე ორიენტირებულები ყოველი მომდევნო წელი უარესი იქნება".