Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უნივერსიტეტის ლაბორატორია 10 თვეა სამშენებლო ნებართვას ელოდება, - მერია განმარტებას აკეთებს

56fe26e85c584
BM.GE
01.04.16 11:41
1032
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ჰიდროლოგიური ლაბორატორია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა და დღემდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ლაბორატორიის დირექტორმა, მერაბ ალავერდაშვილმა, განუცხადა, ლაბორატორიის აღდგენისთვის შესაბამისი თანხები განათლების სამინისტრომ და უნივერსიტეტმა უკვე გამოყო, თუმცა პროცესს სამშენებლო ნებრთვის გაცემა აფერხებს. კერძოდ, როგორც ალავერდაშვილი განმარტავს, ლაბორატორია ან არსებულ ადგილზე ითხოვს ახალი შენობის განთავსებას, ან მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე.
 
რატომ ჭიანურდება ლაბორატორიისთვის სამშენებლო ნებართვის გაცემა? - კითხვით "ბიზნესკონტაქტმა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვერეს ხეობის კალაპოტის ფორმირების პროექტი ამ ეტაპზე, მომზადების პროცესშია.

"პროცესის დასრულების შემდეგ შესაძლოა გარემოს დაცვის სამინისტრომ გადახედოს აღნიშნული ზონის საზღვრებს და სწორედ ამის გათავისწინებით გახდება შესაძლებელი ლაბორატორიის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობა", - განმარტავენ მერიის არქიტექტურის სამსახურში. ასევე, მათი ინფომაციით, ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის მიხედვით, განსაზღვრულია მდინარე ვერეს დატბორვის არეალი, სადაც დღევანდელი მდგომარეობით დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა.

"ლაბორატორიის ტერიტორია მდებარეობს დატბორვის არიალში, რის გამოც აქ შენობის არსებობა შექმნის პოტენციურ საფრთხეს, მით უფრო, როდესაც საქმე შეეხება სასწავლო დაწესებულებას, სადაც სტუდენტ-ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილი უნდა გახდეს", - განმარტავენ უწყებაში.

ლაბორატორიის დირექტორი კი ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა მათ კუთვნილ 1600 კვ. მეტრ მიწის ფართობზე უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც, ადგილზე სამუშაოების ჩატარება ნებადართულია. მერაბ ალავერდაშვილი ეჭვობს, რომ ტერიტორია შესაძლოა კერძო ინვესტორის ინტერსში მოხვდა.

ამასთან, ლაბორატორიის დირექტორის ინფორმაციით, მერია მათ ალტერნატიულ ფართად მოსაზღვრე ტერიტორიას, მთის ფერდობზე სთავაზობს, რომელიც რისკ ზონაა.

"10 თვეა დავდევთ მერიას, უნივერსიტეტისგან უკვე 5 მიმართვაა გაკეთებული, ძვრები ჯერ არაა. ეკონომიკის სამინისტრომ ხელახლა, ოქტომბერში, გადმოგვცა 5012 კვ. მეტრი და აქედან 1600 კვ. მეტრზე გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნით, შეიძლება და აუცილებელია ლაბორატორიის განთავსება. ხელსაწყოები მდინარესთან ახლოს უნდა იდგეს, მაგრამ ალტერნატიულ ფართს შენობების უკან მდებარე მთის ფერდობზე გვთავაზობენ, რომელიც მეწყრული ზონაა. მისი გამაგრება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საკმაოდ დიდი სახსრებია საჭირო. თუ სპორტული კომლექსების განთავსება შეიძლება ადგილზე, რატომ არ შეიძლება ლაბორატორიაც განთავსდეს?", - აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.

სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია 10 თვეა მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს