Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ვახტანგ ასათაშვილი: ტურიზმის ადმინისტრაცია ვერ მუშაობს, შედეგები არ ვარგა

570ca85d21369
BM.GE
12.04.16 11:45
1093
„ჩოგოვაძის მადლობა მისი უფროსების მიმართ, უფრო პროტოკოლურ ხასიათს ატარებს”, - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე Gudauri heli-ski-ს დამფუძნებელი ვახტანგ ასათაშვილი. მისი თქმით, ბოლო წლებში ტურისტების მატების ტენდენცია დადებითი არ არის. ასათაშვილი ეჭვქვეშ აყენებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსაც.
 
"1.9 მილიარდი $ 2015 წელს, 148 მილიონი $-ით მეტია 2014 წელთან შედარებით. ეს ტურიზმიერ მიერ გენერირებული თანხებია.

რა გაიგეთ ამ ინფორმაციით, - ალბათ მხოლოდ ის რომ ტურიზმი კვლავ მზარდია. ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს - გასულ წელს კომპლექსურად ვიმუშავეთ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილს მათი პირადი ჩართულობისთვის, ვინაიდან მათი დახმარებით ჩვენ ტურისტების ნაკადის ზრდის დინამიკა შევიმუშავთ-ო.

ეს ტექსტი ლამაზად ჟღერს.

მაგრამ თუ მართლა ზრდის დინამიკა გვაინტერესებს, წინა წლებს უნდა გადავხედოთ, სადაც დავინახავთ რომ სურათი იყო ასეთი:

2009 წელი +16%
2010 წელი +35%
2011 წელი +39%
2012 წელი +57%
2013 წელი +22%
2014 წელი +2%
2015 წელი +7%

ჩოგოვაძის მადლობა მისი უფროსების მიმართ, უფრო პროტოკოლურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ზრდის დინამიკაზე საუბრისას, თუ მთლად +57%-დან არ დავიწყებთ, სამოსანი მოსწავლის ორიენტირი მინიმუმ +20% მაინც უნდა იყოს.

როდესაც მთავრობა ერთხმად იმეორებს რომ 2015 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო და ყოველ მეორე წინადადებაში მილიონებზე საუბრობს, ეს ტექსტებიც ოპტიმისტურად ჟღერს. თეორიულად ყოველ თვეში 10 ერთეული ვიზიტით მეტიც რომ დაფიქსირდეს, რაც წლის ბოლოს 120 ერთეული ვიზიტით მეტს შეადგენს წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც ისტორიული მაქსიმუმი და რეკორდი გამოვა.

ამავდროულად საერთო ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 0.001%-იც კი არ გამოვა.

სტატისტიკურად ამ 10 ადამიანით ტურიზმის ადმინისტრაცია ყოველ თვე გასული წლის რეკორდებს მოხსნის, პრაქტიკულად კი თავს შეირცხვენს. (ეს ინფორმაცია ისე, ოროსნებისთვის)

მთვრობა ამბობს, წლევანდელი რეკორდული მაჩვენებლები სავიზო რეგულაციების გამარტივებამ გამოიწვიაო. ყოჩაღ, მაგრები ხართ! როცა ამ წინადადებას იტყვით, ისიც მიაყოლეთ, 2 წლის წინ ეს რეგულაციები ჩვენ თვითონ მივიღეთ. აი რატომ მივიღეთ, ეგ კი ნამდვილად არ ვიცით, თუმცა 2 წელი დაგვჭირდა რომ გაგვეგო სისულელე გავაკეთეთო.

ვებინარებს მართავენ დსთ-ს ქვეყნებში, მეორე წუთში იძახიან ევროპის ქალაქებიდან ქუთაისის მიმართულებით 6 ახალი რეისი ინიშნებაო. ჰოდა ამის ფონზე ეხლა თავ-პირ-მოგლეჯილები უნდა დარბოდეთ იმ ქალაქებში საიდანაც რეისები ინიშნება. უნდა ხვდებოდეთ იქაურ კომპანიებს და ადგილზე ხსნიდეთ წარმომადგენლობებს. რა ჯანდაბა გინდათ დსთ-ს ქვეყნებში?! მონღოლეთში წადით ბარემ და იქ დაიწყეთ ვებინარები “თანამედროვე ტექნოლოგიების” გამოყენებით, მაგარ შედეგებს დადებთ...

ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობა არ მომწონს და ამაზე სულ ვლაპარაკობ, მაგრამ გადახედეთ რა დღეშია თვითონ ეკონომიკის სამინისტრო. ამ სამინისტროს მთავარი მიმართულებები არის ინვესტიციები, პრივატიზაცია და ტურიზმი.

პრივატიზაცია გაჭედილია, ტურიზმი ბუქსაობს, ინვესტიციები ხომ საერთოდ, იმდენაც ცუდ დღეშია, რომ ტურიზმის +7%-იან ზრდით ცდილობენ ინვესტიციების მატება “გააპრავონ”.

სასწრაფოდ გჭირდებათ რეფორმა. თუ მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს ვერ ელევა, არ უნდა რომ საარჩევნო პერიოდში გააუქმოს ამდენი სამუშაო ადგილი, გასაგებია, მაგრამ ის მაინც გაკეთეთ, მოაცილეთ ტურიზმი ამ სამინისტროს, შექმენით ძლიერი ბიზნეს ორიენტირებული სამსახური და დაიწყეთ დათვლა. დაითვალეთ რამდენ გადასახადის გადამხდელის ფულს ჩადებთ და რამდენს ამოიღებთ უკან.

როდესაც ამბობთ რომ 148 მილიონი $-ით მეტი შემოვიდა, ძალიან მაინტერესებს საერთოდ ვინმეს მთავრობიდან თუ დაგითვლიათ როგორ არის გადანაწილებული ეს მატება?

ანუ ვინ იყო ამ ფულის ბენეფიციარი, რამდენია აქედან ტრანსპორტირების წილი, რამხელაა განთავსების წილი, რამდენია კვებისა და გართობის წილი?

აი წარმოიდგინეთ მე ვარ პოტენციური ინვესტორი ჯონ სმიტი, მაინტერესებს საქართველოში ტურიზმის მიმართულებით ინვესტირება. როდესაც ვიცე-პრემიერი ლაპარაკობს რომ 148 მილიონით მეტი დაწერა ტურიზზმა, რა დევს ამ ინფორმაციის მიღმა, ის მაინც შეუძლია ვიცე პრემიერმა დააკონკრეტოს, რომელი მიმართულებაა მზარდი?

ადმინისტრაცია ვერ მუშაობს, შედეგები არ ვარგა, წელიწადში 30 მილიონ ლარს ხარჯავს. ჯანდაბას, თუ საქმეში არ ვარგიგართ, ამ 30 მილიონად ერთი ლამაზი ანგარიში მაინც დადეთ. დაწერეთ საიდან მიიღეთ ეს ფული და ვინ იყო ამ ფულის საბოლოო ბენეფიციარი”, - წერს ასათაშვილი.