საქართველოს ბაზარზე ახალი კონცეფციით დამზადებული ნატურალური წვენები, "ხილარის“ ბრენდით გაიყიდება. კომპანია "ხილარის" ექსპორტის მენეჯერმა გაგა აბაშიძემ Bm.ge-ს განუცხადა, რომ ეს არის 100%-ით ნატურალური, ე.წ "ფრეშწვენები", რომელიც ქართული ხილისგან "ცივი გამოწურვით" მზადდება და არ შეიცავს დამატკბობელს და წყალს.
კომპანია პროდუქციას გორის რაიონში, სოფელ "შავშვებშის" მდებარე საწარმოში ამზადებს, რომელიც გასულ წელს "აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში აშენდა. პროექტის მთლიანი ღირებულება 550 ათას დოლარამდეა.
"ეს არის ხილის სრულიად ახალი და თანამედროვე გადამამუშავებელი დანადაგარებითა და ჩამოსასხმელი ხაზით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ვამუშავებთ ნებისმიერი ტიპის ქართულ ხილს: ატამს, გარგარს, ალუბალს, ვაშლს, ყურძენს, თუ სხვას, რაც სეზონურად შემოდის. დანადგარებში ხილი ცივად იპრესება, შემდეგ კი მიღებული წვენი პასტერიზების წესით ბოთლებში ისხმება. გასულ წელს, პირველ მოსავალზე, 200 ტონამდე ხილი გადავამუშავეთ, ეხლა უკვე გაზაფხულის ბოლოდან დავიწყებთ ხილის მიღებას", - განაცხადა გაგა აბაშიძემ.
"ხილარის" წვენები 300 მილილიტრიანი და ერთლიტრიანი მინის შეფუთვით იწარმოება, ის სარეალიზაციოდ უკვე შეიტანეს "აგროჰაბში" და "უნივერსამის“ მაღაზიათა ქსელში, მალე კი სხვა სუპერმარკეტებშიც გაიყიდება.
ვინაიდან საწარმო გორთან ახლოს, სოფელ შავშვებში მდებარეობს, კომპანიის პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებაა, რომლებმაც სახლ-კარი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგეს.