Home
Category
TV Live Menu

20 000-მდე მასწავლებელი ახალი ტრენინგ-მოდულებით შემოდგომიდან გადამზადდება

57a74c8e28efd
BM.GE
07.08.16 18:56
1462
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში საგნობრივი მეთოდიკის ტრენინგ-მოდულების პრეზენტაცია გაიმართა. საგნობრივი მეთოდიკის კურსი საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენის, გეოგრაფიის, VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლისთვის 2017 წლის ზაფხულიდან ჩატარდება.

ტრენინგ-მოდულებზე მუშაობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, გაანალიზდა მასწავლებელთა საჭიროებები, მოეწყო შეხვედრები მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან. მოდულებზე ქართველ კოლეგებთან პროექტში ჩართულმა უცხოელმა ექსპერტებმა იმუშავეს.

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძეს განცხადებით, თავდაპირველად დირექტორთა ტრენინგ მოდულები დაიწყება, რასაც მასწავლებლების ტრენინგების მოყვება.

"ეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტი გახლავთ, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს, - 14 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად და საქართველოში მოღვაწე ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისური ენის მასწავლებელს საშუალება ექნებათ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ტრენინგ პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.

ერთი წელი მოვანდომეთ იმას, რომ ჯერ შეგვესწავლა საქართველოში არსებული მდგომარეობა და სწორედ იმ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები შემოგვეთავაზებინა, რაც დღეს საქართველოში მასწავლებლებს სჭირდებათ

ეს ტრენინგები გრძელვადიანია. მინიმალური დრო 50 საათია“, - ამბობს მაგდა მაღრაძე.

VII-XII კლასის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება 2016 წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორ ძირითად ეტაპად იყოფა, რომელიც გულისხმობს ზოგად პროფესიული უნარების სასწავლო კურსს “მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი” და საგნობრივი მეთოდიკის კურსს “ აქტიური სწავლება საგნებში”. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day