2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ცნობილია. მთავრობამ ბიუჯეტის კანონ-პროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე წარადგინა. დოკუმენტის განხილვას კანონმდებლები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუდგებიან.
ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება დაახლოებით 410 მლნ -ით და განსაზღვრულია 10 მლრდ 555 მლნ ლარით. პროექტის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკა გაიზრდება 4%-ით, თუმცა ოპტიმისტურ სცენარში მთავრობას 5.4%-იანი ზრდა აქვს ჩადებული, ხოლო პესიმისტურით - 2.6%. 2017 წლისთვის მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 4%-ს, ნომინალური მშპ - 36.6 მლრდ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 715 მლნ ლარით განისაზღვრა.
მთავრობის გათვლებით, 2017 წელს საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში შევა 8 მლრდ 170 მლნ ლარი. ყველა სახეობის გადასახადი ზრდითდაა დაგეგმილი, გარდა სხვა გადასახადისა. ასევე დაახლოებით 450 მლნ ლარით ამცირებენ მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება.