ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას განმარტებით, დეპოზიტების დაზღვევა არის საფინანსო სექტორის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მექანიზმი, - ამის შესახებ კიკორიამ ჟურნალისტებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედების მიზანშეწონილობაზე საუბრისას განუცხადა.
"მისი გატარება იმით არის განპირობებული, რომ დღეს საბანკო სისტემის მდგრადობის მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობაა-ბანკების კაპიტალის ადექვატურობა, მათი მომგებიანობა, ლიკვიდურობა და მდგრადობა ყველაზე კარგ ფორმაშია. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეფორმები უმჯობესია ამ პერიოდში გავატაროთ", - განაცხადა კიკორიამ.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დეპოზიტების მართვის სტრუქტიურაში ბალანსი დაცული იქნება.
"ფონდში არის მთავრობის ორი წარმომადგენელი გათვალისწინებული, ასევე კომერციული ბანკების ორი წარმომადგენელი და სებ-ის პრეზიდენტი. მე ვფიქრობ, რომ მართვის სტრუქტურა დაბალანსებულია", - განმარტა კიკორიამ.
შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მთავრობამ კანონპროექტი გასულ კვირას მოიწონა და უახლოეს დღეებში დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმება.